მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა.

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა.

როგორც  საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, არაფერია ტრაგიკული იმაში,  თუკი სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის ბიუროს შემდეგ სხდომაზე წარედგინება. 

თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება პარლამენტში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის გადაგზავნა.


-ოპოზიციაში ამბობენ, რომ  მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ბევრ შეკითხვაზე პასუხები არ არსებობს. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ სამთავრობო ცვლილებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ გვიანდება პარლამენტში ცვლილებათა პაკეტის შემოტანა?

-რასაკვირველია, ოპოზიციამ, მითუმეტეს, ჩვენ რომ ოპოზიცია გვყავს, ისე უნდა ისაუბროს, თითქოს არაფერი არ ხდება. არადა, საკითხი მთლიანობაში,  ღრმა განხილვის აუცილებლობის კუთხით უნდა შევაფასოთ. თუ კანონპროექტი არსებობს და დამუშავების პროცესშია, ამაში ცუდი რა არის, თუნდაც დღეს დააგვიანოს და შემდგომ დღეებში შემოვიდეს? მე ამაში ტრაგიკულს და სასკანდალოს ვერაფერს ვერ ვხედავ.

– მთავრობა  ამ ცვლილებების გასატარებლად მოუმზადებელი იყო, თუ ეს დაგვიანება უკავშირდება 2018 წლის ბიუჯეტის არსებული პროექტის კორექტირებას, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებთან პირდაპირ კავშირშია?

-საერთოდ არ მესმის, მოუმზადებელი ცვლილება რას ნიშნავს. ბიუჯეტთან შესაბამისობა რატომ არ არის ის თემა, რის გამოც შეიძლება რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტმა დააგვიანოს?

-24 -მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერს და პარლამენტს მიმართა ევროინტეგრაციის სამინისტროსთან გაუქმებასთან დაკავშირებით, სადაც ითხოვს, რომ სტრუქტურული ცვლილების დროს არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები, იმ საქმიანობიდან გამომდინარე, რასაც ეს უწყება წლების განმავლობაში აკეთებდა. თქვენ თუ ხართ საქმის კურსში ამ მოთხოვნის დეტალებთან დაკავშირებით?

-ეჭვი მეპარება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდმა ნაწილმა, რომელთა მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, ზედმიწევნით იციან რას წარმოადგენს საქმიანობა, რომელიც მიმდინარეობდა ამ სამინისტროში და რომელიც ალბათ, უნდა გაგრძელდეს. ჩვენ, ალბათ უნდა ვისაუბროთ იმ ხარისხზე, რაც ამ სეგმენტმა უნდა შეასრულოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული ევროინტეგრაციის სამინისტროს მიერ და ვფიქრობ, ეს სამუშაო არანაირად არ დაიკარგება,  თუკი საგარეო და საშინაო კოორდინაციის თემას ვიცე-პრემიერი, ანუ იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაიბარებს.

-როდესაც ცნობილი არ არის, რეორგანიზაციის დროს რამდენი თანხა იზოგება ბიუჯეტიდან, გამოთავისუფლებული თანხები რას და როგორ მოხმარდება, აჩენს ბევრ კითხვას. უმრავლესობის შიგნით ამ კითხვებზე პასუხები თუ გაქვთ?

-არა მგონია, რომ ყველა კითხვაზე პასუხი წინასწარ უნდა გვქონდეს მზად, გამოხვიდე და ერთი ხელის დაკვრით გადავწყვიტოთ ყველაფერი, როგორც ამას მიჩვეული ვიყავით. მგონია, რომ განხილვის პროცესში, საკმაოდ საინტერესო საკითხებიც იქნება წამოწეული, მოსაზრებებიც, რომელსაც საზოგადოება თავისთავად შეაფასებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, არაორდინალური სურათის დახატვა, რეალობისგან ძალიან შორს არის.

-უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა მოითხოვა, რათა მან გასცეს პასუხები, როგორ მოხდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში არ დაიცვა?

-ჩვენ ამის თაობაზე დეტალები არ ვიცით, უკრაინამ რატომ გადაწყვიტა, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი. მე ვერ შევაფასებ ამ შემთხვევაში აღნიშნულ ქმედებას, იქიდან გამომდინარე, რომ საწყისი ინფორმაცია არ გვაქვს. როგორ იმოქმედა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს მეორე საკითხია. არა მგონია, რომ უახლეს პერიოდში ამ უწყებას კონკრეტული პასუხები არ ექნება ამ საკითხზე. არსებობს თუ არა მექანიზმი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორღაც ვითარება და პროცესები შეცვალოს უცხო ქვეყანაში, მე საკმაოდ სერიოზული და განსხვავებული აზრი გამაჩნია.

წყარო:presa.ge
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები