მთავრობა სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ჩაის“ სუბსიდირების გაორმაგებას გეგმავს

მთავრობა სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ჩაის“ სუბსიდირების გაორმაგებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ჩაის“ სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ჩაის“ ბიუჯეტის წელსვე გაორმაგებას გეგმავს.

ამის შესახებ bm.ge-ის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა – ‘’ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 900,000 ლარი იყო, წელი კი – 500,000 ლარითაა განსაზღვრული, მაგრამ როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა და მოგვიანებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმაც განაცხადა, შესაძლოა, წელსვე პროგრამის არსებული ბიუჯეტი გაორმაგდეს.

საქმე იმაშია, რომ „ქართული ჩაის“ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივა პრემიერმინისტრისგან წამოვიდა. სამეგრელოში „აგროსაინვესტიციო ფორუმზე“ ჩასულმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და „ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით“.

„ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ ნიშნულამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი დეტალის გაგების მიზნით, Bm.ge-მ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩაწერა, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა, წელსვე „ქართული ჩაის“ პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც 2019 წლის სახელმწიფო ბუჯეტის კანონით, 500,000 ლარით განისაზღვრა გაორმაგდეს და 1 მლნ გახდეს.

„ქართული ჩაის“ ბიუჯეტის შეიძლება რომ გაიზარდოს… ჩვენ კონკრეტულ დეტალებზე ვმსჯელობთ.. ნებისმიერი ეს პროგრამა და ინიციატივა ეფუძნებოდა მოსახლეობასთან შეხვედრებს. კონკრეტულ დარგობრივ ჯგუფებთან მე სულ მაქვს შეხვედრები, სიდანაც წამოსულ ყველა აზრს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებ, მაგრამ არის მოსაზრებები, რომელსაც აქვს ლეგიტიმური საფუძველი“, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში „აგროსაინვესტიციო ფორუმზე“ პრემიერის მიერ ნახსენები სიტყვა – „სუბსიდია“, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ რელიზში სიტყვა „მხარდაჭერითაა“ შეცვლილი, მაგრამ შინაარსობრივად არსებითად არაფერი იცვლება.

თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, პრემიერი დარგის მხარდაჭერას გულისხმობდა.

„არანაირ სუბსიდირებაზე არ არის საუბარი. პრემიერმა იგულისხმა ჩაის გადარჩენისა და უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენის სახელმწიფო პროგრამები და ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერა“, – განმარტეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„ორი თემა იყო, რომელსაც შეეხო პრემიერი; ერთი – ეს იყო ჩაის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მისი გადახედვა და გარკვეული თანადაფინანსების გაზრდა მოიაზრება და გვინდოდა, რომ ჩაგვეტარებინა შეხვედრა ფერმერებთან, დარგის ექსპერტებთან და მათი შენიშვნები და მოსაზრებები გაგვეთვალისწინებინა. კომენტარები ამ პროგრამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვესმოდა; იყო რაღაც მოსაზრებები, რომ მეტი დახმარება იყო საჭირო და საინვესტიციო ფორუმის მეორე დღე ეხებოდა სწორედ ჩაის სექტორს, – განმარტა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, იმ სახის სუბსიდირებას, რომელიც კონკრეტულ პროდუქციაზე ფასნამატს გულისხმობს, არც თავად ეთანხმება.

„ფასნამატი კონკრეტულ პროდუქციაზე – ასეთი სახის სუბსიდირება არ ქმნის სწორ სტიმულებს. დარგის სუბსიდირება კი, ეს არის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების თითქმის ერთადერთი პირდაპირი დახმარების ინსტრუმენტი, რომელსაც დედამიწაზე ყველა ქვეყანა აკეთებს; ყველა სოფლის მეუნრეობის სამინისტრო აკეთებს. ესაა სხვადასხვა ტიპის თანადაფინანსების ინსტრუმენტების ქონა იმისთვის, რომ განვითარდეს დარგი… პრემიერს არაფერი შეშლია. პრემიერის გადაწყვეტილება არის მთავრობის გადაწყვეტილება და ის არის შესასრულებელი. ბუნებრივია, მას ვერ შეეშლებოდა“, – განაცხადა მინისტრმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები