მშობლებს თუ არ აქვთ პრობლემა და შეუძლიათ ატარონ ბავშვები ავარიულ ბაღში, გარისკონ, ჩვენ ამის საშუალებას და უფლებას არ მივცემთ-კახა კალაძე

მშობლებს თუ არ აქვთ პრობლემა და შეუძლიათ ატარონ ბავშვები ავარიულ ბაღში, გარისკონ, ჩვენ ამის საშუალებას და უფლებას არ მივცემთ-კახა კალაძე

“როდესაც საქმე ეხებათ პატარებს, ჩვენს შვილებს, კომპრომისზე ვერ წავალთ. პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხებს. ყველა მიმართულება, სადაც პრობლემები არსებობს, იქნება მოწესრიგებული. მშობლებს თუ არ აქვთ პრობლემა და შეუძლიათ ატარონ ბავშვები ავარიულ ბაღში, გარისკონ, ჩვენ ამის საშუალებას და უფლებას არ მივცემთ”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია, როგორც ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე არსებულის რეაბილიტაცია.
“პირველივე დღეებიდან, როდესაც უფლებამოსილება მოგვეცა, განვაცხადე, რომ ბაღები არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას, პატარებს. გვინდა, რომ სტანდარტები გავაუმჯობესოთ, გავხადოთ თანამედროვე, ევროპული. ეს ეხება, როგორც აღმზრდელობით პროცესს, ასევე შენობებს, სადაც პატარები იმყოფებიან, ეს უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღები. დაგეგმილი გვაქვს, როგორც ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე არსებულის რეაბილიტაცია. ჩვენი მოთხოვნა იყო ჩაგვეტარებინა გამოკვლევა არსებული ბაგა-ბაღების. 24-დან 3 ბაგა-ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ის არის საშიში სააღმზრდელო პროცესისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეს ბაღები დროებით დაიხურება და ბავშვები გადანაწილდებიან სხვადასხვა ბაღებში იმავე რაიონში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახლავე დავიწყებთ და ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. როდესაც საქმე ეხება პატარებს, ჩვენს შვილებს, კომპრომისზე ვერ წავალთ. პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხებს. ყველა მიმართულება, სადაც პრობლემები არსებობს, იქნება მოწესრიგებული. მშობლებს თუ არ აქვთ პრობლემა და შეუძლიათ ატარონ ბავშვები ავარიულ ბაღში, გარისკონ, ჩვენ ამის საშუალებას და უფლებას არ მივცემთ, რადგან ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ შვილები ავარიულ ბაღში არ ატარონ. ჩვენ ყველაფერს ძალიან სწრაფად გავაკეთებთ იმისთვის, რომ ავარიულ ბაღებში, სადაც სწავლა შეწყდა, რეაბილიტირებული იყოს და მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია”, -განაცხადა კალაძემ.
თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები ორშაბათიდან იმავე რაიონებში არსებულ სხვა ბაღებში გადანაწილდებიან და შენობების გამაგრების შემდეგ, ძველ ბაღებში დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დილიდან შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები