მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს იმედი აქვს, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს იმედი აქვს, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება

როგორც გიორგანაშვილმა განაცხადა, პატიმრობიდან გათავისუფლების მიუხედავად საკუთარ „აიფონ 6“-ს სხვადასხვა მიზეზების გამო არ უბრუნებენ. გიორგანაშვილს იმედი აქვს, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„საქმის ყველა მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ გამოვიდეს გამამართლებელი განაჩენი. ჯერ ხომ ციხეში 6 თვე, ყველა ფორმით იზოლაციაში ვიყავი – არ მარეკინებდნენ, წერილის გაგზავნის უფლებაც არ მქონდა, ახლა გამოვედი და ჩემ კუთვნილ ტელეფონს არ მიბრუნებენ ტყუილი მიზეზების გამო. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ ექსპერტიზაზე იყო, მერე მითხრეს, რომ ჩემი ტელეფონი სხვა საქმეზეა ნივთმტკიცებად. ეს საქმეც დახურულია, მაგრამ ტელეფონს მაინც არ მიბრუნებენ“, – განაცხადა გიორგანაშვილმა.

მისი ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, საქმის მოწმე მხოლოდ ორი პოლიციელია და ტაქსის მძღოლი კი აცხადებს, რომ მას არ დაუნახავს რაიმეს ამოღება. ადვოკატის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„ეს არის ე.წ. ჩადების საქმე, სადაც მოწმედ მხოლოდ ორი პოლიციელია. მანამდე იყო ტაქსის მძღოლიც, რომელმაც სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ არ დაუნახავს თუ მოხდა რაიმეს ამოღება. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ტენდენცია კარგია – იღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებებს და ამას მოწმობს, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხიც. სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და პატიმრობა შეცვალა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით. პრობლემა რჩება ტელეფონის საკითხი, რომლის დაბრუნებაც დღემდე არ ხერხდება“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.
გიორგი (ბახალა) გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები