მოქალაქეები კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრას 30 დღის შემდეგ შეძლებენ

მოქალაქეები კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრას 30 დღის შემდეგ შეძლებენ

მოქალაქეები კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრას 30 დღის შემდეგ შეძლებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ვინაიდან, პირველ ეტაპზე ქვეყანაში გვქონდა ვაქცინების მცირე დოზები, შემოვიღეთ 120-დღიანი ინტერვალი. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ამდენად, ეს ინტერვალი შემცირდება 30 დღემდე, როგორც არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ გაცემული რეკომენდაცია. ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და აიცრას.

ამ კვირის ბოლომდე დასრულდება ბრძანების მომზადება. საკოორდინაციო საბჭოსა და იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყვეტილება მიღებულია, ექსპერტების ჯგუფი მხარს უჭერს. ვფიქრობ, ორშაბათიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ჯგუფისთვისაც“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 393 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 368 073, გარდაიცვალა 5 618 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები