მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრები მიმდინარეობს

მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრები მიმდინარეობს

მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრები მიმდინარეობს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) ეგიდით კონვენციის მხარეთა მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს. ასევე, იმართება „დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში გაშვებისა და მათი გადატანის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის ოქმის (PRTRs) მხარეთა გაერთიანებული შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტი და PRTRs-ის მხარეთა შეხვედრები.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, მდგრადი განვითარების მიზნები შეუძლებელია სათანადოდ განხორციელდეს გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინების გარეშე.
”ჩვენ ყველამ ავიღეთ ვალდებულება, რომ ეფექტიანად განვახორციელოთ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი, იმის გათვალისწინებით რომ “არავინ დარჩება ყურადღების მიღმა”. მიუხედავად იმისა, რომ მდგრადი განვითარების ზოგიერთი მიზანი ეხება ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებს და არა კონკრეტულად გარემოსდაცვითს, ყველა მათგანი პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული გარემოსთან. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები შეუძლებელია სათანადოდ განხორციელდეს გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინების გარეშე. გარდა ამისა, მდგარი განვითარების მიზნების განხორციელების დროს, პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მნიშნელოვანია “ეკოლოგიური უფლება” – ცხოვრება ჯანსაღ გარემოში. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით საკითხებში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გზით. სწორედ აქ ერთვება ორჰუსის კონვენცია – ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს UNECE რეგიონის ქვეყნებს მიიღონ ეფექტიანი ზომები მდგარი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის და მხარი დაუჭირონ 2030 წლის დღის წესრიგში მოქალაქეების ჩართულობას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ბუდვას დეკლარაცია ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, განსაკუთრებით მდგარი განვითარების მიზნების განხორციელების კონტექსტში.

”ბუდვას დეკლარაცია ცხადად აჩვენებს, რომ საუკეთესო გზა გაუმკლავდე მსოფლიოს წინაშე არსებუბულ გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, შეზღუდული რესურსები, ეკოლოგიური კატასტროფები, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, ენერგია, ადამიანის ჯანმრთელობა და ა.შ. არის გამჭვირვალობის გაზრდა გარემოსდაცვით ინფორმაცაზე ხელმისაწვდომობის გზით, ცნობიერების გაზრდა მდგრადი განვითარებისა და ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობით; მდგრადი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა საზოგადოების ჩართულობის წახალისებით; მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების შექმნა გარემოსდაცვით საკითხებში მართლმსაჯულებაზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობით. მნიშვნელოვანია, რომ ბუდვას დეკლარაცია ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კონტექსტში და მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ძლიერი და ეფექტიანი ქმედებებისკენ, უფრო ჯანსაღი და მდგრადი გარემოს შესაქმნელად”,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ორჰუსის კონვენცია მნიშვნელოვანია რეგიონში გარემოსდაცვითი დემოკრატიის განმტკიცებისთვის.

”კონვენციის პრინციპების განხორციელება პირველ რიგში მოითხოვს პოლიტიკურ ნებას და მეორე მხრივ ქვეყნების შესაძლებლობებს. მე მჯერა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია. უფრო მეტიც, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია კონვენციის განხორციელებისათვის საჭირო სწორი აღქმის ჩამოსაყალიბებლად. კონვენცია უნდა აღიქმებოდეს არა როგორც მთავრობის ტვირთი, არამედ როგორც მისი დამხმარე ინსტრუმენტი მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ვალდებულების შესრულებაში. იმის გათვალისწინებით, რომ კონვენციის პრინციპები ექვემდებარება და უნდა დაექვემდებაროს საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებსა და პროცესებს, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კონვენციასთან თანამშრომლობის განვითარება. ამრიგად, მანდატის ფარგლებში მოქმედებისას, ორჰუსის კონვენციას შეეძლება ხელი შეუწყოს სხვა შესაბამის ფორმატებს უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესების განვითარებაში”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები