მომავალი წლიდან ახალ საბაჟო კოდექსი ამოქმედდება

მომავალი წლიდან ახალ საბაჟო კოდექსი ამოქმედდება

ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით ჩვენ უკვე პარლამენტს მივმართავთ და მომავალი წლიდან აღნიშნული დოკუმენტი ამოქმედებული იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, აღნიშნული კოდექსით მნიშვნელოვნად გამარტივდება გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ახალი ფორმები.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოში დღეს მოქმედი როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო კოდექსები არ პასუხობენ იმ მიზნებს, რაც ჩვენ მიერ არის დასახული. ახალი საბაჟო კოდექსი შემუშავებულ იქნა ე.წ. ღია პლატფორმაზე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა, მიეღო მონაწილეობა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი მეწარმეები. მათგან ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ და მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც აქტიური პოზიცია ჰქონდა ახალი კოდექსის შემუშავებაში. ჩვენ პარლამენტს უკვე მივმართავთ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და შესაბამისად, მომავალი წლიდან საქართველოში ამოქმედებული იქნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება უფრო ეფექტურად მოვახდინოთ. ჩვენი ხედვაა ის, რომ საქართველო მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გავხადოთ. შესაბამისად, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ამ მიზნის მიღწევისთვის. აღნიშნული კოდექსი სრულად პასუხობს ევრო სტანდარტებს.

იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა. საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები. ახალი გარანტიის სახეობები იქმნება და ბევრი სხვა ინიციატივა იქნება შემოღებული,“, – განაცხადა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები