“მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას”

“მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას”

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვახტანგ შაქარიშვილი მიესალმება პრემიერმინისტრის ინიციატივას ონლაინ აზარტული თამაშების შემზღუდავი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით.

„მოხარული ვარ, რომ  ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, პირადად ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – აცხადებს დეპუტატი.

საკრებულოს წევრის განცხადებით, ონლაინ აზარტულ თამაშებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და უკონტროლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია, ქვეყანაში ურთულესი სოციალური მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებულად მძიმე პრობლემაა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერმა შეიწირა არაერთი ადამიანის სიცოცხლე, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაანგრია ოჯახები და უამრავ ახალგაზრდას წაართვა მომავლის პერსპექტივა.

აზარტული თამაშების და ნარკომანიისგან მომავალი საფრთხეების წინაშე სრულიად დაუცველი არიან მოწყვლადი ჯგუფები. მძიმე სოციალური გარემო, საჯარო სივრცესა და ყველა სახის მედიაში აზარტული თამაშების რეკლამები, ასევე, მარტივი ხელმისაწვდომობა სულ უფრო მეტ ადამიანს ხდის მათზე დამოკიდებულს. წარმოუდგენელ თანხებს აღწევს აღნიშნულ სფეროში ჩართული კომპანიების ბრუნვა, რომელთა უმრავლესობაც სრულად ან ნაწილობრივ უცხოურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისგან ამოღებული ფული გაედინება საზღვარგარეთ და საქართველოს ბიუჯეტში შედის მხოლოდ მცირე ნაწილი, დაბალი გადასახადების სახით“, –  აცხადებს ვახტანგ შაქარიშვილი.

საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ  აღნიშნულ საკითხზე ის წლებია, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად მუშაობს.

ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, გავმართეთ არაერთი პრესკონფერენცია და საჯარო განხილვა, საკითხის აქტუალიზაციის მიზნით ჩავატარეთ მშვიდობიანი აქციებიც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩემი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, აზარტულ თამაშებზე რეგულაციების დაწესება და სააფთიაქო ნარკომანიაზე კონტროლის გამკაცრება იყო.
მოხარული ვარ, რომ საზოგადოების აქტიურმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, პირადად ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ყურადღებით დავაკვირდები აღსრულების პროცესს და აქვე მზადყოფნას გამოვთქვამ, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც ამ მიზნის დროულად მიღწევას მოემსახურება“, – აცხადებს დეპუტატი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები