“მიხეილ სააკაშვილი შესანიშნავ პირობებშია, იმისგან განსხვავებით, რა სადისტური პირობებიც თავად ჰქონდა ციხეებში შექმნილი”

“მიხეილ სააკაშვილი შესანიშნავ პირობებშია, იმისგან განსხვავებით, რა სადისტური პირობებიც თავად ჰქონდა ციხეებში შექმნილი”

მიხეილ სააკაშვილი შესანიშნავ პირობებშია, იმისგან განსხვავებით, რა სადისტური პირობებიც მას ჰქონდა ციხეებში შექმნილი, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიც აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ჯერ ერთი, ძალადობასა და ძალის გამოყენებას შორის დიდი განსხვავებაა და არც ძალა გამოყენებულა გადაჭარბებული, რომ მით უმეტეს, წამებაზე ვილაპარაკოთ. ის შესანიშნავ პირობებშია, იმისგან განსხვავებით, რა სადისტური პირობებიც მას ჰქონდა ციხეებში შექმნილი. გვარამიამ განაცხადა, მან საერთოდ აურია, გონება აღარ ემორჩილება, ხელები უკანკალებს და რა სისულელეებიც არ უნდა თქვას, არ დაიჯეროთო, მაგრამ ამისგან განსხვავებით, ჩვენ იმავე სააკაშვილს ვხედავთ, რომელსაც 2012 წლამდე ვიცნობდით და მას მერეც რაც გვინახავს, თუნდაც, იმ ტრაილერში. ზუსტად იგივე პიროვნებაა, იგივე შეხედულება აქვს და ასე შემდეგ. მე, ამ თემებში გამოუცდელს, რასაკვირველია, ამის იქით მსჯელობა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურა, როგორიც არის პენიტენციური სისტემა, იუსტიციის სამინისტრო, ადასტურებს, რომ ეს კაცი არ არის იმ მდგომარეობაში, რასაც მასთან დაკავშირებით თუნდაც, მისი ადვოკატები, ან მით უმეტეს, გვარამია და სხვა აქტივისტები ამბობენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აღნიშნულით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უპასუხებს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, ძალიან უდიერად ეპყრობიან და მის ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

კითხვაზე, რას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი კადრების გამოქვეყნება, რასაც ბევრი კრიტიკა მოჰყვა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს არავისთვის არ არის სასიამოვნო სანახავი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების მოტყუება, რომ სააკაშვილს აწამებენ, თმებით ათრევენ და ასე შემდეგ, რასაკვირველია, რეალობის ამსახველი კადრების გამოქვეყნება აუცილებელი იყო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები