მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართა.

მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართა. სხდომის ფარგლებში საქართველოს  2017 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასებითი დოკუმენტი განიხილეს.

კომისიის სხდომაზე ალიანსის მხრიდან პოზიტიურად  იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება,   ქვეყანაში განხორციელებული  დემოკრატიული,  ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროს რეფორმები.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს ყველა მიმართულებით. 2017 წელი შეფასდა როგორც წარმატებული წელი ყველა პარტნიორის და ალიანსის ყველა წევრის მხრიდან. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში და  გახლავთ რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი”,  -აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომისიის სხდომის შეფასებისას.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი. „სწორედ ის პროგრესი, რომელიც დღევანდელ სხდომაზეც აღინიშნა, წარმოადგენს საფუძველს საქართველოს წარმატებისთვის 2018 წლის სამიტზე და ველით, რომ ეს პროგრესი შესაბამისად იქნება ასახული, ასევე საქართველო სათანადოდ იქნება  წარმოდგენილი ყველა შესაბამის ფორმატებში’- განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, „საქართველო მიიწევს წინ და იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ინტეგრაციის გზაზე, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს, რაც უკავშირდება ნატოში წევრობას”.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა საქართველოს მზაობა აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ მიმართულ ალიანსის ძალისხმევაში.

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

სხდომაზე, ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის  ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით, რაც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისაკენ.

აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც  ნატო-ს ასპირანტ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები