მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია

მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია

ჰერითიჯის ფონდის ანგარიშის, საქართველოს ნატოში გაწევრიანება: ამერიკისა და ევროპის სტრატეგიულ ინტერესებში, პრეზენტაცის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია:

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა შეთანხმდა და დარბაზშიც დარჩა ის განცდა, რომ საქართველო ძალიან წარმატებულია ნატოში ინტეგრაციის გზაზე. პირველ რიგში საქართველოს უმთავრესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება. ამას ემსახურება ჩვენი ყველა ნაბიჯი, ჩვენი ყველა საგარეო თუ შიდა პოლიტიკური პირობა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ნატოს მომავალ სამიტზე საქართველო შესაბამისი პროგრესით იქნება წარმოდგენილი.

ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა. ის რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.

დღეს, 8 თებერვალს, ანგარიშის პრეზენტაციისას მან განაცხადა, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. კოფი აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნატოში გაწევრიანებისკენ.

მისივე აზრით, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების პირობა, აღარაა საჭირო ნატოს წევრობის საკითხის გართულება მე-5 მუხლთან დაკავშირებით.

“ბევრი ღელავს იმაზე, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს რუსეთთან ომის დაწყების მიზეზი გახდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოხდეს 1949 წელს მიღებული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მეექვსე მუხლით (რომელიც განსაზღვრავს, რომელი ტერიტორიები შედის მეხუთე მუხლის მფარველობის ქვეშ), რაც საშუალებას იძლევა, რომ ამჟმად ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი ნატოს მეხუთე მუხლის მიღმა დარჩეს”,- ნათქვამია ლუკ კოფის ანგარიშში.

ლუკ კოფის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მეტი შანსი ექნება, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს მე-5 მუხლის მიღმა დატოვებს. თუმცა, მისივე თქმით, მას შემდეგ, როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანად დასრულდება, მე-5 მუხლი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე მთლიანად გავრცელდება.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი იან კელი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხოლოდ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:

იან კელის თქმით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ შეუერთდეს ნატოს:

“ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ”.

ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ ნატოს აქვს ღია კარის პოლიტიკა იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. მან ნატოს გენერალური მდივნის სიტყვები მოიშველია და თქვა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ნატოს წევრი გახდეს

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები