მეუფე სტეფანემ ეპარქიაში ამბოხებულ სასულიერო და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა

მეუფე სტეფანემ ეპარქიაში ამბოხებულ სასულიერო და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა, „ამბოხებულ“ ბერებს, დედებსა და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან აბაშის საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა. მიტროპოლიტმა სასულიერო და საერო პირებს მონანიების ერთკვირიანი ვადა მისცა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები მართულნი არიან ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ.

ეპარქიის მოქმედი მეუფე ყოფილ მიტროპოლიტს ცრუს უწოდებს. მისი განცხადებით, პეტრე ცაავა თავის „ამფსონებთან“ ერთად ცდილობს ეკლესიის გახლეჩვას და შუღლის შემოტანას. ქადაგებისას მეუფე ასევე შეეხო ეპარქიის რეზიდენციის ეზოში 8 მარტს განვითარებულ ცნობილ მოვლენებს და ეს შეაფასა, როგორც ეკლესიაზე თავდასხმა. ის ასევე ცალკეულ მედიასაშუალებებს მოუწოდებს „სინანულისკენ“, რადგან მისი თქმით, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, სწორედ, ჟურნალისტების ნაწილი ეწევა ცრუ პროპაგანდას.

დღეს დილით, ჭყონდიდის ეპარქიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე, მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მეუფე პეტრესთვის, 2017 წელს გაგზავნილი წერილიც გაასაწაროვა, სადაც სტეფანე კალაიჯიშვილი პეტრეს ცაავას საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს და პატრიარქისადმი მონანიებისკენ მოუწოდებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება ბოლო რამდენიმე თვეა უკიდურესად დაიძაბა. 24 მარტს მხარეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. მეუფე სტეფანე პირად ბრალდებებს უყენებს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას, რის საპასუხოდაც, ცაავას მხარდამჭერებმა ოფიციალური წერილით მიმართეს სტეფანე კალაიჯიშვილს, რომ მიტროპოლიტმა დაამტკიცოს პეტრე ცაავას მიმართ წაყენებული ბრალდებები. წერილს ხელს 20-მდე სასულიერო პირი აწერს. ბრალდება პეტრე ცაავას მისამართით არის ის, რომ მას, ეპისკოპოსების პერიოდში, შვილი ეყოლა და ის გერმანიაში ცხოვრობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები