მეუფე შიო – თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ქარიშხალი, ალბათ ამას შეიძლება დაერქვას ცხოვრებისეული მღელვარება

მეუფე შიო – თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ქარიშხალი, ალბათ ამას შეიძლება დაერქვას ცხოვრებისეული მღელვარება

“ყოველგვარ განსაცდელში, ყოველგვარ მღელვარე, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და მზად არის, გვეუბნება ჩვენ: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო დღეს მძიმე განსაცდელს გადის.

“მთელი ჩვენი ცხოვრება – ეს არის ქარიშხლებით სავსე ზღვაში ცურვა, ეს ქარიშხალი შეიძლება იყოს ისტორიაში, შეიძლება იყოს ქვეყანაში, შეიძლება იყოს ოჯახში, შეიძლება იყოს ჩვენს გულებსა და გონებაში, სახარებაში წერია: „პირქარი უბერავდაო“, ამას პირქარი ეწოდება, არსებობს „ზურგქარი“, რომელიც გეხმარება და არის კიდევ „პირქარი“.

აი, ეს ქარიშხლები ლამობენ, ჩაგვძირონდაგვანგრიონ, მოსპონ ყველაფერი, რაც კარგია, კეთილია, ნათელია და ჩაგვძირონ შიშის, მწუხარების, სასოწარკვეთილების მორევში. ყველა ადამიანი ამ ზღვაზე მიცურავს თავისი ნავით, ასე ამბობენ წმინდა მამები. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა შეეხებათ ეს ქარიშხლები, შეუძლებელია, იქ, სადმე ახლოს ღმერთი იყოს, ისეთი განსაცდელებია ხოლმე, განსაკუთრებით – დღეს მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს და ჩვენ, ყველანი, კორონავირუსის სახით რამდენი ადამიანი იღუპება. თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ქარიშხალი, ალბათ ამას შეიძლება დაერქვას ცხოვრებისეული მღელვარება.

ბევრს ჰგონია, რომ ღმერთი არ არის სამყაროში, ხალხში, მაგრამ უფალი გვეუბნება, რომ, პირიქით, ყოველგვარ განსაცდელში, ყოველგვარ მღელვარე, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და მზად არის, გვეუბნება ჩვენ: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“

საკმარისია, ჩვენ მოვინდომოთ მისკენ სვლა, ჩვენი ურწმუნოების, ჩვენი მცირედ მორწმუნეობის გამო, ჩვენ უბრალოდ ეს ხმა არ გვესმის, თორემ უფალი ამას ყოველთვის გვეუბნება. ყველაზე მძიმე, საშინელ ადგილას არის, მოიპოვება იგი, საკმარისია, მოვისურვოთ, გადავიდეთ, მივიდეთ მასთან, შეგვიძლია, გავიაროთ ამ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, მაგრამ თუ ჩვენ დავეჭვდებით, როგორც პეტრე, მაშინ შეიძლება შევძახოთ უფალს: „მიხსენ, დამეხმარე მე!“ რა უთხრა პეტრეს უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მან დაიწყო ჩაძირვა: „რატომ შეორგულდი, რამ დაგაეჭვა, მცირედ მორწმუნეო?“ როგორც მოგახსენეთ, გაუწვდის მას ხელს და აიყვანს ნავზე. საკმარისია, ჩვენც დავეჭვდეთ, შეგვეშინდეს, რაც გვემართება კიდეც, საკმარისია, მივმართოთ უფალს, შევძახოთ მას, ვუთხრათ: „შემეწიე მე, უფალო, დამეხმარე!“ – რომ იგი გამოგვიწვდის ხელს და უკვე წყალზე კი არ გაგვატარებს მასთან ერთად, არამედ ნავში აგვიყვანს, ეს ნავი არის დიდი ხომალდი – ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაცურონ ეს ზღვა, იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია”, – განაცხადა მეუფე შიომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები