მე შვილს არავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ასე არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები-ასლან მამედოვის მამა

მე შვილს არავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ასე არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები-ასლან მამედოვის მამა

მე შვილს არავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ასე არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები. სიმართლე უნდა გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპული 14 წლის მოზარდის, ასლან მამედოვის მამა აცხადებს.
ალიხან მამედოვი ტრაგედიის დღეს იხსენებს. „უბედურ შემთხვევას­ ჩემი ასლანი, ჩემი შუათანა ბიჭი ემსხვერპლა.­ იმ დღეს გაკვეთილების მერე სახლში მოვიდა, გამოიცვალა და ბავშვებთან ერთად წავიდა. ორბელიანის მოედანზე ჩასულან ავტობუსიდან, მერე მეორე ავტობუსით რუსთაველამდე უნდა მისულიყვნენ. დამრიგებელს მოუგროვებია ბავშვები, უნდა დაგთვალოთო. ამ დროს ჩამოვარდა შუშა და ჩემს შვილს დაეცა. ბავშვი სულ დასახიჩრებული იყო. ეტყობა, შუშა არასწორად იყო ჩაყენებული. მე შვილს არავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ასე არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები. სიმართლე უნდა გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს. იმ დღეს მეუღლემ დამირეკა, დამრიგებელს უთქვამს, პირველ კლინიკურში მოდითო. ოთხჯერ გული გასჩერებია ბიჭს. რომ მივედი, ვყვიროდი, ჩემი შვილი მაჩვენეთ-მეთქი, ყველას ვეხვეწებოდი, იქნებ მისი ბოლო სუნთქვა მაინც მომესმინა, მაგრამ არ მანახეს. ძალიან მიყვარდა ჩემი ბიჭი, არაფერს ვაკლებდი, პატიოსან და წესიერ ბავშვს ვზრდიდი. ამბობდა, სპორტსმენი მინდა გავხდეო, კრივზე დადიოდა. არასოდეს გამოუტოვებია ღონისძიებები და გართობები, სხვებთან ერთად ისიც ყველგან მიდიოდა“ – აცხადებს ალიხან მამედოვი. ბარათაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ, 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ საბედისწერო დღეს ასლან მამედოვი, თანაკლასელებთან ერთად, “მაკდონალდსში” გართობას აპირებდა, მაგრამ ორბელიანის მოედანზე ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს, შენობიდან ჩამოვარდნილი მინა თავზე დაეცა. მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები