“მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით სწავლის გადასახადიც გადამიხდია”

“მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით სწავლის გადასახადიც გადამიხდია”

“რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო?” – ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე მომხსენებელ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს.

„დღეს ამ დარბაზში, არიან მედიის წარმომადგენლები, სათამაშო ბიზნესის წარმომამადგენლები, ასევე ჩემი კოლეგები, მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემნაირი, მოთამაშეები ადამიანების წარმომადგენლებს. მე მოთამაშე ვარ. სულ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი, სხვადასხვანაირად, ისევე როგორც ბევრი ადამიანი, ჩემი კოლეგა. ვთამაშობდი ყველაფერს – დაწყებული იქიდან, რომ ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი „მაზიანზე“, აქედან მოყოლებული „პოკერიც“ მითამაშია და ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია. მე ამას ვაკეთებდი უნივერსიტეტის დროს, მანამდეც – ბავშვობიდან ფაქტობრივად.

ზოგადად, ადამიანი მოთამაშე არსებაა. ჩვენ თამაშით ვსწავლობთ – შეცდომის დაშვების მნიშვნელობას ვსწავლობთ, წაგების ტკივილს ვსწავლობთ, მოგების სიხარულს ვსწავლობთ. ზოგადად, ადამიანებისგან, ვისაც ამ პოზიციის დაცვა ევალება, ისე იყო საუბარი, თითქოს საბოდიშოა, რომ ადამიანები თამაშობენ. ეს დაახლოებით როგორია იცით?! – მეღვინეობა რომ იყოს დასაძრახი რამდენიმე ლოთის გამო. რატომ მიკრძალავთ თამაშს და რატომ ამიკრძალავდით 21 წლის ასაკში, როდესაც საჯარო მოსამსახურე ვიყავი. რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო?“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში.

ამ მიმართულებით ცვლილებები ორ კანონში – “რეკლამის შესახებ“ და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.

კერძოდ, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის რეკლამის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ – აღნიშნული რეკლამა იმ ვებ-გვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის მოწყობა;

აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები