მდინარაძე-“გულწრფელად ვისურვებდი, რომ პარლამენტში საკამათოდ მოდიოდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებულნი და არა არაკორექტული გამონათქვამებით”

მდინარაძე-“გულწრფელად ვისურვებდი, რომ პარლამენტში საკამათოდ მოდიოდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებულნი და არა არაკორექტული გამონათქვამებით”

„ძალიან გულწრფელად ვისურვებდი, რომ როდესაც რომელიმე თემაზე საკამათოდ მოდიან ადამიანები პარლამენტში, ისინი მოვიდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებულნი და არა ტელევიზიებისთვის განკუთვნილი მესიჯებით, არაკორექტული გამონათქვამებით და პიარსტრატეგიებით”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით არგუმენტების წარმოდგენა მოითხოვა.

„როდესაც ვუყურებთ ამ პროცესს, ვხედავთ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ არსებობს და ადამიანები ცდილობენ, მხოლოდ პიარზე გამიზნული მესიჯები გაახმოვანონ, რათა საზოგადოების რაღაც ნაწილს მაინც დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მეორე მხარეს არგუმენტები არ არსებობს”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ვეტოს დაძლევის ან გაზიარების შესახებ გადაწყვეტილებას, ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მსჯელობა გრძელდება და დღევანდელი შეხვედრაც ადასტურებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას არგუმენტების მოსმენა სურდა.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოზიცია ჰქონდა უმრავლესობის ძალიან დიდ ნაწილს ამასთან დაკავშირებით და მივიღეთ კიდეც კანონი იმ ფორმით, როგორც არის მიღებული, ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას. დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოხატულება იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ძალიან დიდ ნაწილს გულწრფელად სურდა, მოგვესმინა არგუმენტები, მაგრამ როგორც ვხედავთ, საქმე იქით მიდის, რომ არგუმენტები არ არსებობს. როდესაც არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტები, მაშინ არ ხდება იმ ინიციატივების გაზიარება, რომელსაც ვერ ამყარებს არგუმენტების შესაბამისი საფუძველი”,- განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატი გამოეხმაურა ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დეპუტატებზე ზეწოლას ახდენს.

„არანაირი ინფორმაცია არ გადის მიმოწერებიდან. ეს არის მოგონილი ამბავი, რომელიც იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელზეც უკვე მოგახსენეთ და მოგონილი ამბების ნაწილია. რეალურად, მოვიდა დრო, რომ დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტარები არ იმართებიან ერთი მოწერილით და ერთი ადამიანის კონკრეტული ნებით. ჩვენთან არის მსჯელობა, თქვენ ხედავთ, რომ არცერთ თემასთან დაკავშირებით არ ვუმალავთ საზოგადოებას ცხარე კამათის შესახებაც კი, ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ მთლად კორექტულია ასეთი ამბების მოგონება”,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თავისუფალი კენჭისყრის სტანდარტი შენარჩუნდება ვეტოს განხილვის დროსაც. „როდესაც უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის ეს სტანდარტია შენარჩუნებული. ასე ვუფრთხილდებით ჩენ ერთმანეთის თავისუფალი ნებას და მართლაც დროა, დავიჯეროთ, რომ ერთი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც მოუწოდებს, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობას, მოიქცნენ ისე, რომ ეს ქცევა რომელიმე მათგანის ნებასაც კი ეწინააღმდეგებოდეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები