მათიკაშვილი ჯაფარიძეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მათიკაშვილი ჯაფარიძეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მან ელ. ფოსტის მისამართზე მიღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადმოწერა და შემდგომ უყურა. როგოც მან სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტი განმარტა, შემთხვევის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას და იმავე ღამეს სამართალდამცველებთან ერთად გაიხსნა ვიდეო.
როგორც მათიკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, პროვოკაციული აქციის მიზანი მისთვის გასაგებია, თუმცა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა დაუშვებელია.
“ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს “ხუმრობა” გამოუვიდა? არ ვიცი, თქვენ განსაჯეთ, მაგრამ მისი პროვოკაცია რომ ვერ შედგა ეგ ზუსტად ვიცი.
26 თებერვალს, საღამოს, ჩემს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე მართლაც მივიღე გაუგებარი შინაარსის მეილი ჩემთვის უცნობი ადრესატისგან. ვიდეო, რომელიც იყო მიბმული ამ მეილზე არ გავხსენი ერთი უბრალო მიზეზის გამო: მისი სათაური იყო “პარლამენტარის ჯგუფური სექსი”. დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას და იმავე ღამეს, ანუ 27 თებერვლის დილას, ჩემს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების შემდეგ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზევე (პარლამენტში) პროცესუალური მოქმედების ფარგლებში, გაიხსნა ეს ვიდეო და პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ ვიდეოს პერსონაჟი – პარლამენტარი, სულაც არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრი. ანუ ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, საპროცესო მოქმედება გაგრძელდა დღეს დილით, ანუ ჩემ მიერ განცხადების დაწერიდან მეორე დღეს, ჩემი ზეპირი გამოკითხვით, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.
ეს ხუმრობა არ არის ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია!!! და თუ თქვენ მართლა გსურდათ გაგეგოთ ამ მეილის გაგზავნის შედეგები, პარლამენტის შენობასთან ვიდეოს ჩაწერის და დეზინფორმაციის შემცველი პოსტების დადების ნაცვლად, რაც შეურაცხმყოფელია, მინიმუმ, ჯერ პოლიციისთვის მიგემართათ და გაგეგოთ ვინმემ განცხადებით იმავე ან მომდევნო დღეს ხომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებას. სერიოზულად მინდა, გკითხოთ, პარლამენტის შენობასთან რომ მობრძანდით, რას ელოდებოდით პოლიციის კორდონებს თუ ჰაერში გამოკიდებულ ვერტმფრენებს?
ამ პროვოკაციული აქციის მიზანი ჩემთვის გასაგებია და შეიძლება, იმაშიც დაგეთანხმოთ, რომ მიდგომები დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა იყოს დიფერენცირებული, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა ეს პოზიცია ისე უნდა დააფიქსიროთ, რომ საბოლოოდ, ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოგივიდეთ!!
ბატონო ზურაბ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თქვენი პოსტი დეზინფორმაციული შინაარსისაა, ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ ამაში დარწმუნება, რადგან დღესაც შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ. შესაბამისად, თქვენგან მოვითხოვ იმავე ფორმით და საშუალებით მოახდინოთ სწორი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება და იმ უხერხულობისთვის მოიხადოთ ბოდიში, რაც თქვენმა პროვოკაციულმა აქციამ გამოიწვია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი საშუალება ჩემი დარღვეული უფლების აღსადგენად.
იმედი მაქვს, რომ სიმართლის დადგენის შემდეგ, თქვენი ქცევაც ადეკვატური იქნება!!!” – წერს დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.
​ცნობისათვის, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ მან რამდენიმე დეპუტატს “პორნო” გაუგზავნა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კი, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიღებული გადმოწერა და შემდეგ უყურა.
“გუშინწინ რომ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე.
აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it … გადმოქაჩა და უყურა.
ანუ, ვაზუსტებ:
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით – “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი”, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად.
მტკიცებულება – სქრინზე პირველი ხაზი
​ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?”-წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები