მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 15 თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს, მას სურდა “ქალწულმა მუცლად იღო”, სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა. მირქმა VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს, ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები