მარია კალიურანდი: ჩემი გზავნილია, ვთხოვო ორივე მხარეს – ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს

მარია კალიურანდი: ჩემი გზავნილია, ვთხოვო ორივე მხარეს – ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს

“მომხსენებელთა მისია მიემართება საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები. ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას საქართველოს შესახებ. ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ქართველ კოლეგებთან ერთად”, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარია კალიურანდმა იმ შეთავაზების თაობაზე განაცხადა, რომელიც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.

მარია კალიურანდის ინფორმაციით, ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები ბოლოს მალტაში იმყოფებოდნენ.

“სხვადასხვა სახის მისიები შეიძლება იყოს ოფიციალური, ან არაოფიციალური. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც შეხვედრებს ვმართავთ საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრებთან. ევროპარლამენტს სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს”, – აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ.

მისი თქმით, იგი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და იმისათვის, რომ აქცენტები იყოს თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, იგი დღევანდელ შეხვედრაზე გამოსვლის ტექსტს საიტზეც ატვირთავს.

“მე ვარ ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ესტონეთის ყოფილი ელჩი 6 ქვეყანაში, ამრიგად, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ. მე მაღელვებს ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა განვლო, რა გზაზეც დღეს საქართველოა. ეს გზა სავსეა გამოწვევებით. დღეს ესტონეთი წარმატებული ქვეყანაა – მას შეუძლია ევროკავშირის წევრობით მიღებული ყველა სარგებლის გამოყენება”, – განაცხადა მარია კალიურანდმა.

მან ახალი საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება.

“იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევს კონსესუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება”, – აღნიშნა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები