მარგველაშვილი მიესალმა ზურაბიშვილის ინიციატივას ოფიციალურ შეხვედრებზე ექსპრეზიდენტი მიიწვიოს

მარგველაშვილი მიესალმა ზურაბიშვილის ინიციატივას ოფიციალურ შეხვედრებზე ექსპრეზიდენტი მიიწვიოს

ასეთი სამწუხარო ბიოგრაფია რომ არ ჰქონდეს საქართველოს, შეიძლება ასეთი ტრადიცია არ ყოფილიყო აუცილებელი, მაგრამ იმ ფონზე, რა წარსულიც გვაქვს, ამის ხაზგასმა უფრო საჭიროა, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქმედის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი აპირებს საერთაშორისო დონის სტუმრების მიღებაზე გიორგი მარგველაშვილიც მიიწვიოს.

“ჩემი აზრით კარგი ფორმაა, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უმაღლესი თანამდებობის პირების მიღებას. ჩვენ ამ ნაბიჯით ვაჩვენებთ სახელმწიფოებრიობის, ინსტიტუციის და სტუმრის პატივისცემას. საქართველოშია ეს ტრადიცია საჭირო. ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი გამოვკეტეთ სახლში, მესამე პრეზიდენტი ქვეყნიდან წასულია და თუ ჩამოვა დაიჭერენ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ ტრადიციის ჩამოყალიბება, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს დევნილი ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ რომ ვყოფილიყავით მშვიდი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას პრეზიდენტობის შემდეგ, შეიძლება არც ყოფილიყო ასეთი რამ საჭირო, მაგრამ ხაზგასმა, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილურად ურთიერთობა, საქართველოსთვის საჭიროა”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

რაც შეეხება ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთების თაობაზე დასმულ შეკითხვას, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: “მე ბოლოს ვთქვი, რომ პრეზიდენტი შევა და იმუშავებს სასახლეში და ასეც მოხდა”.

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის პატივსაცემად გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები