მამუკა მდინარაძე: ვალდებულები ვართ, ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს ბოროტება

მამუკა მდინარაძე: ვალდებულები ვართ, ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს ბოროტება

მეორე ტურში ჩვენ ვართ ვალდებულები, გაიმარჯვოს ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა, იმის გამო, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდეს ბოროტება, აღარასოდეს დაბრუნდეს ძალადობა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
“პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია, უნდა ვიყოთ გულწრფელები ამასთან დაკავშირებით და ადეკვატურები. საზოგადოებაში არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. ამას სჭირდება უფრო სწრაფი დინამიკა მოსახლეობის სოციალური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ეს არის მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში, დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ისევ ძალიან უჭირს. ამ პრობლემების აღმოფხვრას სჭირდება მეტი დინამიკა და სწორი კომუნიკაცია. არის ის პრობლემებიც, რომ ხშირად ვერ ვახერხებთ იმის მიტანასაც კი საზოგადოების თითოეულ წევრამდე, რასაც ვაკეთებთ, არის ძალიან ბევრი საქმე, რასაც ძალიან სწორი მენეჯმენტი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. გზავნილი მიღებულია, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ და გვმართებს, რომ ადეკვატურები ვიყოთ მოსახლეობის ამ პრობლემების მიმართ. ზოგადად, ძალიან კარგი იყო გუშინდელი დემოკრატიული პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობდა არჩევნები, ჩვენ შევძელით,რომ კიდევ ერთი გაკვეთილი მიგვეღო და კიდევ ერთი გამოცდა ჩაგვებარებინა დემოკრატიაში. ჩვენ ვფიქრობ, რომ გუნდში ცვლილებებით, გადახალისებით, კომუნიკაციის სწორი სტრატეგიით, ამ პრობლემებს გავუმკლავდებით და მთავარია ერთი რამ, რომ მეორე ტურში ჩვენ ვართ ვალდებულები, გაიმარჯვოს ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა, იმის გამო, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდეს ბოროტება, აღარასოდეს დაბრუნდეს ძალადობა. მე ვგულისხმობ პარტიაში მოსალოდნელ ცვლილებებს, რაც პარტიის თავმჯდომარემაც დააანონსა არჩევნებამდე, ბევრი ახალი სისხლი. ახალი სახეების გამოჩენა პარტიაში იქნება ძალიან კარგი, ეს ახალ ენერგიას შესძენს პარტიას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები