მამუკა მდინარაძე: ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გუნდის თითოეული წევრი იყოს შენარჩუნებული

მამუკა მდინარაძე: ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გუნდის თითოეული წევრი იყოს შენარჩუნებული

„შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ავუკრძალოთ ლაპარაკი – ეს არავის უფიქრია“, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მამუკა მდინარეძემ კატეგორიულად უარყო გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ მას თითქოსდა კრიტიკული განცხადების გაკეთებას უკრძალავდნენ.
მისივე განმარტებით, მსგავსი პოზიცია „ქართულ ოცნებას“ არ გამოუხატავს.
„ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს, წარსულს და იმ ერთად შრომას, რაც გაგვიწევია და ვამბობთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გუნდის თითოეული წევრი იყოს შენარჩუნებული, მიუხედავად გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებისა და განსხვავებული პოზიციისა.
მე არ ვიცი, ვისი ინტერპრეტაციაა, რომ გუნდში ვინმეს რაიმე კრიტიკული განცხადების გაკეთება ეკრძალებოდეს. შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ავუკრძალოთ ლაპარაკი – ეს არავის უფიქრია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძის განცხადებით, მას გუნდში საზოგადოებასთან კონტაქტს უკრძალავენ.
„თუ მე ამიკრძალავენ საზოგადოებასთან კონტაქტს, მედიასთან ამ საკითხებზე საუბარს, მაშინ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები