მამუკა მდინარაძე: უკვე ბევრი დავთმეთ, ოპოზიციას ვურჩევთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ

მამუკა მდინარაძე: უკვე ბევრი დავთმეთ, ოპოზიციას ვურჩევთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ

“უკვე ბევრი რამე დავთმეთ, ოპოზიციას ვურჩევთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის გამართვა აუცილებელია, რათა მხარეები დეტალებზე შეთანხმდნენ.

„ვინაიდან 9 მარტამდე ცოტა დროა დარჩენილი, უნდა შევხვდეთ და დეტალების შესახებ უნდა გაირკვეს. მნიშვნელობა არ აქვს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას – ხუთით მეტი იქნება თუ ხუთით ნაკლები, რადგან მთავარია, რომ პრინციპი დაცულია. კერძოდ ის, რომ, ერთი მხრივ, ვერსია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად მივაახლოეთ, მეორე მხრივ, ბარიერი რაც უნდათ, ვეუბნებით, რომ იყოს და ასევე, 40-პროცენტიანი „ჩამკეტი“ პრინციპიც არის. ოპოზიციას შეუძლია, ისიც თქვას, რომ ხელისუფლება წამოიყვანეს დათმობაზე. უკვე ბევრი რამე დავთმეთ, თუ ეს აწუხებთ და ამას ვერ ამბობენ. ვურჩევთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ბოლო დღეებში გზავნილი ვნახეთ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემა “ჩაიხსნა”. ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ვთავაზობთ არა ერთ დამზღვევ, ჩამკეტ მექანიზმს და მეტ პროპორციულობაზე მაქსიმალურ ზღვარს მანდატების მოპოვებისთვის. ამ პირობებში, შეუძლებელია, შეთანხმება ვერ შედგეს, თუ შეთანხმება არის მიზანი”, – აღნიშნავს მდინარაძე.

დეპუტატის მოსაზრებით, 130/20-ზე ჩაფრენა არასერიოზულია იქედან გამომდინარე, რომ 20 მაჟორიტარული ოლქის არსებობა წარმოუდგენელია.

„40 მაჟორიტარული ოლქი წარმოსადგენი რომ იყო, ამიტომაც წარვადგინეთ. მოიტანონ, ისეთი ოპტიმალური რაოდენობა, რუკაზე რომ დახედავ, არ იქნება აბსტრაქტული. ოთხი რაიონი ხო არ იქნება ერთად? ჩამოყალიბდნენ ის პარტიები, რომლებიც მაგიდასთან შეიკრიბნენ და საერთო ხედვა წარმოადგინონ. მოლაპარაკებების პროცესს იმის გამო ნუ ჩაშლიან, რომ რაღაცაზე შიგნით ვერ თანხმდებიან. ბარიერზე თქვეს, განხეთქილებისთვის შემოგვთავაზეთო, მაგრამ გულწრფელები ვართ, რაც უნდათ, თქვან“, – დასძინა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები