მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს

„საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრების ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების თაობაზე ნიშნავს უსერიოზულეს პოლიტიკურ, იურიდიულ შეცდომას და აღიარებას, რომ არაკონსტიტუციური კანონის მხარის არდაჭერის გამო გავიდნენ საპარლამენტო უმრავლესობიდან“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობიდან გასვლამდე დეპუტატთა ჯგუფი აცხადებდა, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას თავადვე იწყებენ.
„საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა უმრავლესობა იმიტომ დატოვა, რომ ამბობდნენ, კანონპროექტი კონსტიტუციურია და თუ მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა, გადიან. დღეს თავადვე დაადასტურეს, რომ უვადოობის საკითხი, თუ ამაზე შეიძლება საერთოდ მსჯელობა, უნდა გაიწეროს კონსტიტუციაში. ეს ნიშნავს უსერიოზულეს პოლიტიკურ, იურიდიულ შეცდომას და აღიარებას, რომ არაკონსტიტუციური კანონის მხარის არდაჭერის გამო გავიდნენ ისინი საპარლამენტო უმრავლესობიდან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.
„არც უნდა წამოსცდენოდათ მსგავსი რამ, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ. ერთადერთი მიზეზი არის, რომ რამენაირად შეინარჩუნონ პოლიტიკური აქტიურობა, შეინარჩუნონ კანონთან მიმართებით ინიციატივების უფლება, აქტივობა და ზოგადად აქტუალურობა. ამ მიზნით სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაყენება არ არის სწორი პოლიტიკური სვლა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები