მამუკა მდინარაძე: “ფეისბუქის” განცხადებით, “ნაცმოძრაობის” ყალბი გვერდების სამიზნეს წარმოადგენდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა

მამუკა მდინარაძე: “ფეისბუქის” განცხადებით, “ნაცმოძრაობის” ყალბი გვერდების სამიზნეს წარმოადგენდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა

“სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ “ფეისბუქ” სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიცრუით, სიყალბით და სიძულვილის ენით. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია “ფეისბუქის” სხვადასხვა ყალბი გვერდის ჩახსნაზე და, რაც მთავარია, მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს “ნაციონალური მოძრაობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის მათ შორის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოციალური ქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული პიარკონსულტანტ შკლიაროვთან, გახსოვთ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” რუსი პიარშიკი, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოც. ქსელების მეშვეობით, მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია. სამწუხაროდ, დღესაც ყველამ ვიცით, რომ ფეისბუქ სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიცრუით, სიყალბითა და სიძულვილის ენით და თავად “ფეისბუქმა” გამოააშკარავა და დაადასტურა საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია “ფეისბუქის” სხვადასხვა ყალბი გვერდისა და ანგარიშის ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და, რაც მთავარია, მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. “ფეისბუქის” განცხადებითვე, “ნაციონალური მოძრაობის” ყალბი გვერდების სამიზნეს წარმოადგენდა – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა”, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები