მამუკა მდინარაძე – ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე უარს ვამბობთ

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე უარს ვამბობთ

„ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე უარს ვამბობთ, ეს იცოდნენ ერთი თვის წინათაც“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

რაც ოპოზიციამ ელჩების ხელით გამოგვიგზავნა, იქ 3 პუნქტი არ არის, სხვა პუნქტებიც არის, რატომ გადაწყვიტეს მათ, რომ მხოლოდ 3 პუნქტი უნდა გამოეყოთ აქედან და ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან რატომ არჩიეს, არ ვიცი. მათ ამით შეთანხმება დაარღვიეს და ეს ძალიან ცუდია, ამაზე არ უნდა ელაპარაკათ.

როგორც ჩანს ოპოზიციის ნაწილისთვის პროცესის დაზიანება არის მიზანი და ამას თავისი რეალური და „ობიექტური“ მიზეზები აქვს. ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე ვართ უარს, ეს იცოდნენ ერთი თვის წინ.

მათ მოიგონეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის რეალური არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვერ ვუღალატებთ და ვერც იმ 2 მილიონ ადამიანს, რომელმაც საბოლოო ჯამში შედეგების მიხედვით გადაწყვიტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩაიბაროს კვლავ ხელისუფლება. ამიტომ ახალ არჩევნებზე არანაირი საუბარი არ იქნება და ეს იციან. ისინი ისეთ საკითხს აყენებენ, რაც შეუსრულებელია და კომპრომისი არ ნიშნავს წითელი ხაზის იქეთ საკითხებზე განმეორებით ბევრჯერ საუბარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია გუშინ დიპლომატებს შეხვდა და ის წინადადებები გააცნო, რომელთა შესახებაც „ლელოს“ ოფისში შეთანხმდნენ. სამსაათიანი დახურული კონსულტაციების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალი გაიზარდა, ნაწილი კი დაზუსტდა.

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები