მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ უნდა მოვთხოვოთ

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ უნდა მოვთხოვოთ

„დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ უნდა მოვთხოვოთ“, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების პროტესტს, რომლებიც დარბაზში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესვლისას ფეხზე არ წამოდგნენ.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის დროზე, ე.წ. მესიჯბოქსი დაალაგა და ახლა უკან დახევა აღარ სურს.
„ამ “მესიჯბოქსის” ნაწილი იყო არალეგიტიმუტობაზე საუბარი. ეს ტყუილი იყო და ამაში ყველა დარწმუნდა ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, არსებობს ეტიკეტი, პროტოკოლი, პოლიტიკური კულტურა. როდესაც არც ერთთან დაკავშირებით შენი პოზიცია არ ემთხვევა არც ეტიკეტს, არც პოლიტიკურ კულტურასა და არც არანაირ პროტოკოლს, ეს უკვე დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ უნდა მოვთხოვოთ. ამის პრეტენზიები ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.
რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციამ ეს შეგნებულად გააკეთა, რაც ხელისუფლებისადმი ერთგვარი გაფრთხილებაა.
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერმინისტრი – მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები