მამუკა ბახტაძე: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი

მამუკა ბახტაძე: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკური კონფერენციაზე – „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ საქართველოს პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ქვეყანას ყველა წინაპირობა აქვს, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი.
​მისი განცხადებით, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია.
“საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, თუმცა მიდგომა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის სასიკეთოდ გამოყენება, ხშირად ძალიან ფრაგმენტული იყო. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით, ეს ერთიან სტრატეგიაში მოგვექცია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოვისმინე, გახლდათ ის რომ, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ვართ კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს – დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მიზეზი, რატომ ვართ მოწადინებული, რაც შეიძლება მოკლე დროში გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ღრმაწყლოვანი პორტი.
​მინდა, ხაზი გავუსვა გლობალური მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც უკვე ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, მთავარი აქტივი ჩვენი საზოგადოება გახლავთ, ჩვენი ადამიანები. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას, მაგრამ ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მასშტაბურ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ განათლების სექტორში და ვერ გავხდით მას დომინანტს მთელს ეკონომიკაში. როდესაც ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთადერთი ურყევი წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად შევა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 10-11%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი განათლების სექტორისთვის, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან. სწორედ ეს მოგვიტანს იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები