მამუკა ბახტაძე: საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს

მამუკა ბახტაძე: საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს

„საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი გახორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების საჩვენებელი დღის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დიდი პატივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ნატო-საქართველოს სწავლება. ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება. სწორედ ასეთ დროს, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტუმრობა საქართველოში საქართველოსადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მოგეხსენებათ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) უნიკალური ინიციატივების ერთობლიობაა, რომლის წარმატებულად გახორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებას. სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში წლევანდელი სწავლების ჩატარება ნიშნავს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სწავლებას ნატო-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა – საქართველო ატარებს
„საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. ეს არის ნატო-ს პირველი მრავალეროვანი სწავლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს საქართველო. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ის, რომ მრავალეროვანი სწავლება ჩვენს ქვეყანაში ტარდება საქართველოსთვის ნიშნავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, შეკავების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას.
„ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები ძალიან კარგი საშუალებაა როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის სხვადასხვა სცენარის დროს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების დახვეწისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ ეფექტიანობას. ეს ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენმა სამხედროებმა, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატო-ს პროცედურების შესაბამისად, კიდევ უფრო აიმაღლონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, საქართველო, რომელიც ყოველთვის მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის და, წლების განმავლობაში, მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს ძალისხმევაში, უსაფრთხოების მომხმარებლიდან დღეს უკვე უსაფრთხოების მიმწოდებელ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.
„ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც ნატო შეიქმნა. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების გახორციელებითა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით დაამტკიცა. ამიტომაც საქართველო, როგორც, ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები