მამუკა ბახტაძე – სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის

მამუკა ბახტაძე – სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის

სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით, უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა.

პრემიერის თქმით, სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და 2019-2021 წლებზე გავრცელდება.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის ტემპების დაჩქარება, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაგვეხმარება პესპექტივაში, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ ყველა რეფორმა იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები