მამუკა ბახტაძე: 20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანისა – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის

მამუკა ბახტაძე: 20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანისა – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის

“20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანისა – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ გაიარა ტრანსფორმაციის ძალიან რთული გზა.
მისივე განცხადებით, ბოლო წლებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
“მივესალმები საქართველოს ძალიან კარგ მეგობარს, ქალბატონ ლილიან მორი პასკიეს – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და დიდ მადლობას ვუხდი საქართველოში ჩამობრძანებისთვის.
დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას – წელს 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა.
20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანისა – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ გაიარა ტრანსფორმაციის ძალიან რთული გზა. ბოლო წლებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ეს გახლავთ სწორედ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებებისა და კულტურის შედეგი.
20 წლის წინ საქართველომ აიღო ვალდებულებები. საქართველომ პირობა დადო, რომ შექმნიდა შეუქცევადად დემოკრატიულ სახელმწიფოს, გააძლიერებდა კანონის უზენაესობას; განახორციელებდა სასამართლო რეფორმას; იბრძოლებდა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველყოფდა გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებით და ეს შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კომუნიკაციით. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მხარში გვედგა ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი, ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოები. მათი აქტიური მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობითა და, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართ ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია.
ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები