მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე განცხადება გააკეთა

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე განცხადება გააკეთა

“ჩნდება კითხვა – რატომ გახდა აუცილებელი მამუკას ხაზარაძისა და ბატონი ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება ანაკლიის პროექტთან და, საერთოდ, რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი?” – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, თემაზე სპეკულაციები აზრს მოკლებულია. ,,ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პროექტის დეტალების გასაჯაროებაზეა საუბარი. ბოლო განცხადებაში ისიც მოვისმინე, რომ. თითქოს. მთავრობამ გამოიტანა ეს პროექტები სამსჯელოდ. მაგრამ, ალბათ, პირველად გესმით თქვენც და “მინისტრის საათის” ფორმატში მომიწია პირველად საუბარი პროექტის დეტალებზე. მანამდე, ყველა ის გადავადება, ყველა ის ურთიერთობა, რომელიც კონსორციუმთან იყო, მიმდინარეობდა საქმიანი რეჟიმით – მიმდინარეობდა ისე, რომ ამის თაობაზე საზოგადოებამ არც იცოდა ისევე, როგორც ბევრი ადამიანი არ იყო ამ საქმეში გათვითცნობიერებული და, პირველ ყოვლისა, ეს იყო კონსორციუმის ინტერესები. ჩემთვის ჩნდება კითხვა – რატომ დაინტერესდა, რატომ გახდა საინტერესო კონსორციუმისთვის ამ პროექტზე საუბარი. რატომ გახდა აუცილებელი მამუკას ხაზარაძისა და ბატონი ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება ანაკლიის პროექტთან და, საერთოდ, რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი? სამწუხაროდ, კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის წარმოჩენას პროექტის გარშემო უფრო დადებითად და პოზიტიურად, ვიდრე სინამდვილეშია. გასაგებია მათ ინტერესი იმიტომ, რომ ინვესტორები არიან. ამას ნამდვილად ვუწყობდით ხელს, მაგრამ როდესაც წამოვიდა ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ, რომ, თურმე გზას ვერ ვასწრებთ, დავიწყეთ პროკურატურაში გამოძიება და სწორედ ამის გამო მოვინდომეთ ამხელა სქემის ჩატარება. ასეთი სპეკულაციები, პირველ ყოვლისა, აზრს მოკლებულია და, მეორე მხრივ, ასეთი ვითარება ჩვენც გვაიძულებს, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და არა მხოლოდ ის, რასაც გვაწვდის კონსორციუმი. რაც შეეხება ოპერატორს – კონსორციუმისგან ჩვენ ვისმენთ, რომ ოპერატორი არის ‘’SSA MARINE “ გიგანტი კომპანია. ვადასტურებ ამას. მაგრამ პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ სხვა კომპანიაა ამ პროცესში ჩართული, არამედ მთავარი პრობლემაა პორტის ოპერატორის განსხვავებული მოდელი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხელშეკრულების და კონკურსის პირობებით, პორტის ოპერატორი უნდა ყოფილიყო გამოცდილი პორტის ოპერატორი ,რომელიც უზრუნველყოფდა სრულ კომერციულ საქმიანობას პორტის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ იქნებოდა ორგანიზაცია ან კომპანია, რომელიც უბრალოდ კონტეინერების გადატვირთვას უზრუნველყოფს გარკვეულ დროში, არამედ ეს არის ოპერატორი და უნდა ყოფილიყო ისეთ ოპერატორი ,რომელიც უზრუნველყოფს პორტის კომერციულ საქმიანობას . ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთმა ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირველ რიგში პორტის საფასო პოლიტიკა ,ზოგადად მთლიანობაში კომერციული პოლიტიკა . ასეთმა ოპერატორმა უნდა მოიზიდოს ტვირთები, უნდა დაამყაროს ურთიერთობები, როგორც გადამზიდავ ხაზებთან, ასევე სხვადასხვა ტვირთების მფლობელებთან და როდესაც ანაკლიის პორტზე ვსაუბრობთ და მის მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის ძალიან კარგად გვესმის ყველას ,რომ ეს არ არის პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს მხოლოდ ჩვენს ქართულ შიდა ტვირთებს. ეს არის პორტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის ტვირთის ეკონომიკური ნაკადები, რომელიც აზიასა და ევროპას და პირიქით აკავშირებს ერთმანეთთან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პორტის ოპერატორი იყოს კომერციული ოპერატორი, რომელსაც ექნებოდა სრული პასუხისმგებლობა ტვირთების მოზიდვაზე, ტვირთების დამუშავებაზე, სწორი საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე და, შესაბამისად, ამ პორტის ოპერატორს უნდა გაეზიარებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ პროექტს შეიძლება, ჰქონოდა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიღებთ იმ მცირე კომპანიის, სხვა ზომის კომპანიის, სხვა მასშტაბის და სხვა გამოცდილების კომპანიის მხოლოდ 5 თანამშრომელს ქართულ კომპანიაში, რომელიც იქნება ერთობლივად დაფუძნებული ანაკლიის კონსორციუმთან და ვიღებთ მოდელს, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის კომერციული ოპერატორი პორტის. ხოლო ის კომპანია, სადაც იმუშავებს 5 კაცი, იქნება მხოლოდ ტექნიკური ოპერატორი. ანუ ის კომპანია იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ იმაზე, რომ პორტი, როგორც ტექნიკური სტრუქტურა, ოპერირების თვალსაზრისით, დროულად გადმოტვირთავს გემებს, დროულად და უსაფრთხოდ განათავსებს კონტეინერებს და მოემსახურება ტვირთის მფლობელებს. რაც შეეხება მთელს დანარჩენ კომერციას – ეს არის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელში, რომელიც ყველანი დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ არ ჰქონია და არა აქვს არც ბატონ ლევან ახვლედიანს, როგორც მის გენერალურ დირექტორს და არც ნებისმიერ ადამიანს,რომელიც დღეს მუშაობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, ან იმუშავებს ხვალ. მათ არა აქვთ პორტების ოპერირების, მით უმეტეს ახალი პორტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება. ეს არის განსხვავება იმ მოდელისგან, რომლის „გაყიდვას“ ცდილობს კონსორციუმი. შესაბამისად, ეს არის განსხვავება იმ მოდელისგან, რომელიც იყო გათვალისწინებული თავდაპირველად. მისი პარტნიორი, სინამდვილეში, არის პორტების გამოცდილი ოპერატორი კომპანია, SSA MARINE, რომელსაც მსოფლიოში 250-ზე მეტი პორტის ოპერირებას აწარმოებს და, ნაცვლად ამის,ა ჩვენ ვიღებთ, ამ კომპანიის პარალელური, ამავე სტრუქტურაში ჯგუფში შემავალი კომპანიის 5 თანამშრომელს, რომელიც იქნება სხვა თანამშრომლებთან ერთად, ქართულ კომპანიაში პასუხისმგებელი მხოლოდ ტექნიკურ ოპერირებაზე, ხოლო ყველა რისკი- პორტის კომერციული განვითარება – რჩება ანაკლიის განვითარების კონსორციუმში. და როდესაც და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ დღეს ბანკებს დღეს არ ჰყავთ არანაირი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გარდა იქნებოდა პასუხისმგებელი ამ სესხებზე და სესხების დაფარვაზე და მეორეს მხრივ, მათ არ ყავთ გამოცდილი პორტების ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოზიდვას, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის განვითარებას ისეთი სახით, რა სახითაც ეს ყველას გვაქვს წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ბანკები ითხოვენ როგორც საოპერაციო შემოსავლების დაბალანსებას ეგრეთწოდებული ტვირთების გარანტიით და მეორეს მხრივ, ბანკები ითხოვენ პრაქტიკულად სესხის სრულ უზრუნველყოფას სახელმწიფოს მხრიდან. ანუ, ეს არის, სამწუხაროდ ის პრობლემა, რომლის თაობაზეც ჩვენ შევიტყეთ (ბანკების მოთხოვნასთან დაკავშირებით) 2018 წლის დეკემბერში. მანამდე ეს პირობები არ იყო განხილული და დაყენებული არც კონსორციუმის მხრიდან, კონსორციუმიც ელოდებოდა ბანკების მხრიდან პროექტების სრულ შესწავლას. სამწუხაროდ, ჩვენ, უშულოდ მთავრობაში 2017 წლიდან ვისმენთ კონსორციუმიდან, რომ პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკება ბანკებთან, პრაქტიკულად მოძიებულია დაფინანსება, რომ დღე-დღეზე იქნებოდა ეს ყველაფერი შესაძლებელი და სწორედ ამიტომ, თითოეულ შემთხვევაში, როგორც 2017-ში, ასევე 2018-ში მთავრობა იღებდა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმისთვის მიეცა მეტი დრო იმისთვის, რომ მათ აწ უკვე დაწყებულ და პრაქტიკულად დასრულებულ მოლაპარაკებაში ქონოდათ წარმატების კიდევ უფრო მეტი შანსი. სამწუხაროდ, ახლა, 2018 წლის ბოლოს, ჩვენ მივიღეთ ის ვითარება, როდესაც ბანკებმა წარმოადგინეს ეს პირობები. დღეს გვესმის ისიც – კონსორციუმის მხრიდან მათ იცოდნენ, თურმე, როდესაც ხელშეკრულებას აფორმებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ აწერდნენ ხელს კაბალურ ხელშეკრულებას. ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ ბანკები მოთხოვდნენ ამ პირობებს. სამწუხაროდ, მაშინ მათ ჩვენთვის ამის თაობაზე არ განუცხადებიათ და ჩვენთვის, მთავრობისთვის ეს ინფორმაცია რომ ყოფილიყო ცნობილი, დამერწმუნეთ, გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული სხვა სახით”, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები