მაია ცქიტიშვილი: ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი “ქართუ” და სახელმწიფო

მაია ცქიტიშვილი: ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი “ქართუ” და სახელმწიფო

ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი – გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.

მაია ცქიტიშვილის თქმით, გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციასთან ერთად ხიბულაში სხვა პროექტებიც ხორციელდება.

“ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი “ქართუ” და სახელმწიფო. ამ ეტაპზე, “ქართუს” მიერ იმ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და მოწყობა მიმდინარეობს, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. გარდა ამისა, აქვე დაგეგმილია “ქართუს” მიერ ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება ერთიანი კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, პირველ ყოვლისა, ექნება საშუალება, პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. დარწმუნებული ვარ,  ეს ობიექტი ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო გახდება. მათ უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია და გაიზიარონ ის ემოციები, მოგონებები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილის.

ცქიტიშვილის განმარტებით, გარდა ფონდი “ქართუს” მიერ დაფინანსებული პროექტებისა, ხიბულაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

“სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ვახორციელებთ გზების მოწყობის სამუშაოებს, ასევე, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების სამუშაოებს. ზუგდიდი-ნარაზენის გზის მონაკვეთი დასრულებულია,  რეაბილიტაციას გზების დეპარტამენტი ახორციელებდა. ძველ ხიბულაში მოეწყობა შიდა გზები – დაახლოებით, 4-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამავე ტერიტორიაზე “ქართულ” მიერ იგეგმება სკვერის მოწყობა, რასაც ივანიშვილი ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს დაჰპირდა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ძველ ხიბულაში ადგილობრივებს ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა  29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდებოდა სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და  შიდა გზებს, მოხდება გაზით უზრუნველყოფა, აშენდება ახალი საბავშვო ბაღი.  შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები