მაჩალიკაშვილის ოჯახი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებამდე აქციებს არ გამართავს

მაჩალიკაშვილის ოჯახი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებამდე აქციებს არ გამართავს

სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, გამოძიების მასალებში ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა, პროტესტის ამ ფორმისათვის მიემართა.

“ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხის გაცნობის შემდეგ, ოჯახმა და ხეობამ გადავწყვიტეთ, პროტესტი აქციების სახით გამოვხატოთ. ჩვენ ვაპირებთ, ჩავიდეთ თბილისში და იქ გავმართოთ აქცია. იქნებ, ამან მაინც მოახდინოს გავლენა და მოგვცეს შედეგი, დაისაჯონ ისინი, ვინც უდანაშაულო შვილი მომიკლა“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

რაც შეეხება აქციების დაწყების თარიღს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ვიდრე არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადმოსცემენ, მათი მხრიდან აქციების გამართვა არასწორი იქნება.

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.

სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები