ლუკაშენკო აცხადებს, რომ სოლანას მუქარამ მას ხელი ააღებინა აფხაზეთის აღიარებაზე

ლუკაშენკო აცხადებს, რომ სოლანას მუქარამ მას ხელი ააღებინა აფხაზეთის აღიარებაზე

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 1 მარტს განაცხადა, რომ 2008 წელს მზად იყო მიებაძა მოსკოვის მაგალითისთვის და ეღიარებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ იძულებული გახდა უკუეგდო ეს აზრი, რადგან ნათელი გახდა, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვებოდა სანქციები მისი ქვეყნის წინააღმდეგ, მოსკოვი კი არ იძლეოდა ზარალის ანაზღაურების გარანტიას.

„მზად ვიყავი საღამოს ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვუთხარი რუსებს. კი ბატონო! მაგრამ რა იქნება ხვალ? საღამოს ხავიერ სოლანა, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, მოვიდა ჩემთან, დიქტატორთან, ხანგრძლივი, კარგი საუბარი გვქონდა. მეუბნება: „თუ აფხაზეთს სცნობთ, მაშინ ჩვენ გამოგრთავთ საბანკო სისტემიდან, აღმოჩნდებით სრულ იზოლაციაში და სხვა. ღიად და პატიოსნად გადმომილაგა,“ – განაცხადა ლუკაშენკომ 1 მარტს ბელარუსისა და უცხოეთის მედის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან გამართული შეხვედრის – „პრეზიდენტთან დიდი საუბრის“ – დროს.

 

ბელარუსის პრეზიდენტის თანახმად სოლანასთან საუბრის შემდეგ, იგი დაუკავშირდა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არ აღმოჩნდა.

რუსეთის გარდა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო სამმა ქვეყანამ – ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები