ლევან ყიფიანის ჩვენების საფუძველზე, კიდევ რამდენიმე პირს გამოკითხავენ

ლევან ყიფიანის ჩვენების საფუძველზე, კიდევ რამდენიმე პირს გამოკითხავენ

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტის საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა კიდევ რამდენიმე პირს გამოკითხავს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა, ფლობდეს გამოძიებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამის შესახებ 1tv წერს.

უწყებაში გამოსაკითხი პირების ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებენ.

9 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა.

როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა დავალიანების გადაუხდელობის გამო საჭირო პროცედურების აღსრულების პროცესი, რათა კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო და ხალხი უმუშევარი არ დარჩენილიყო.

ლევან ყიფიანი ჩვენებაში ადასტურებს, რომ ზაფხულში ზაზა ოქუაშვილმა მას სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლის სანაცვლოდ, აუდიოჩანაწერების გაკეთებაში დახმარება სთხოვა. ამასთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელები ყიფიანის თქმით, “ომეგა ჯგუფის” წევრები იყვნენ.

3 ოქტომბერს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად ჩაწერა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ. ანალოგიური აღმოჩნდა ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.

პირველი ჩანაწერი ერთი თვის წინ „იბერიას” ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია”. არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან, შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად, ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები