ლევან იზორიამ, ნორიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განმარტება გააკეთა.

ლევან იზორიამ, ნორიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განმარტება გააკეთა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნორიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განმარტება გააკეთა.

„სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს – თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებას სამხედრო პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით – სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა: „რაც შეეხება ფაქტებს, სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის მიღმა ხდება, აქ ყველაზე კომპეტენტური, ბუნებრივია, სამოქალაქო პოლიციაა პროკურატურის ჩართულობით“.

ლევან იზორიას თქმით,  სამხედრო პოლიციამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და ჰქონდა მყისიერი რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. სამხედრო პოლიციამ დაადგინა ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო პოლიციას სამედიცინო პერსონალისგან შეტყობინება უკვე ჰქონდა მიღებული. ეს შეტყობინება კი, ეფუძნებოდა სამხედრო მოსამსახურეების პირველად ინფორმაციას, რომ სერგო ჯიმშერაშვილი  შეუძლოდ გახდა და დაზიანებები დაცემის დროს მიიღო.  აღნიშნული პირველადი ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეები მალავდნენ დანაშაულს. სწორედ ამ საფუძვლით, ოთხი პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო ერთი პიროვნება – ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით არის ბრალდებული. ეს უკვე იმ გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომელიც სამოქალაქო პოლიციამ განახორციელა. ასე რომ, ის ბრალდება, თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა – არასწორია. ამას კანონი უკრძალავს და ის ქმედებებში შეზღუდულია“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, სამხედრო პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო მოსამსახურე სუფრასთან შეუძლოდ გახდა, წაიქცა და დაზიანებები მიიღო.

„სწორედ იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეებისგან  დანაშაული იმალებოდა, ისინი ახლა პასუხისმგებაში არიან მიცემული. აქედან გამომდინარე, ცალსახად ვამბობ, რომ პირველადი ინფორმაციით, სწორედ ასეთი შეტყობინება შევიდა სამოქალაქო პოლიციაში. შემდგომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მართალია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თუმცა, იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც ექსპერტიზისგან მიიღო, ის გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დღეს, სწორედ ერთ-ერთი პირი მიცემულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პასუხისმგებაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არა მხოლოდ მინისტრს, არამედ მთლიანად შეიარაღებულ ძალებს ეხება – რომ უდისციპლინობას აქვს ადგილი, მეთაურებისგან უპასუხისმგებლო ქმედებებს აქვს ადგილი. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი ძალიან დაკვირვებული ანალიზის საგანი უნდა იყოს, მით უფრო, როდესაც შეიარაღებულ ძალებს ვეხებით”,   – აცხადებს ლევან იზორია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები