ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში

ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში – „ელჩების კონფერენცია 2018“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქართველი დიასპორების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა, როგორც ექსპორტის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების, ასევე საგრანტო და ტექნიკური დახმარების კუთხით.
სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ქართველ დიასპორებში არსებულ დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი.
„კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იყო ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ვფიქრობ, ჩვენს დიასპორას გააჩნია დიდი პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტირებისა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა, ქართული ღვინის აქტიური წარმოჩენისა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.
„ქართული ღვინო 40 ქვეყანაში გადის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. ღვინის პოპულარიზაცია არის პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ ქართული ღვინისათვის ბაზარი იზრდებოდეს. ეს კი დიდწილად არის დაკავშირებული იმ ღონისძიებებთან, რომელთაც ერთობლივად და ასევე თქვენ ინდივიდუალურად ატარებთ ხოლმე. ამ მიმართულებით მართლაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შესაშური თანამშრომლობა, რომელიც ღვინის სექტორსა და საგარეო უწყებას გააჩნია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები