ლაშა ხუციშვილი-„კანონპროექტი აწესებს გარკვეული ტიპის რეგულაციებს იმისთვის, რომ სრულად მოხდეს დისტანცირება არასრულწლოვნების, ასევე, 21 წლამდე პირების ამ თამაშებიდან“

ლაშა ხუციშვილი-„კანონპროექტი აწესებს გარკვეული ტიპის რეგულაციებს იმისთვის, რომ სრულად მოხდეს დისტანცირება არასრულწლოვნების, ასევე, 21 წლამდე პირების ამ თამაშებიდან“

„კანონპროექტი აწესებს გარკვეული ტიპის რეგულაციებს იმისთვის, რომ სრულად მოხდეს დისტანცირება არასრულწლოვნების, ასევე, 21 წლამდე პირების ამ თამაშებიდან“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ მაქსიმალურად მოხდეს დისტანცირება და დამოკიდებულების შემცირება იმ პირების მიმართ, რომლებსაც აზარტული თამაშები დიდ ზიანს აყენებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდა ამისა, ჩნდება უკვე ახალი შესაძლებლობა, ესაა დამოკიდებულ პირთა სია, რომელში მოხვედრაც შეუძლია დამოკიდებულ პირს. ის სიაში შესაძლებელია მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზეც მოხვდეს. სიაში მოხვედრილ პირებს აღნიშნულ თამაშებში მონაწილეობა სრულად აეკრძალებათ.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აკრძალვა გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში და ამის შემდეგ, შესაძლებელია, აკრძალვა თავიდან განახლდეს.

„კანონპროექტის განხილვის პროცესში, შესაძლებელია, მან მიიღოს უფრო სრულყოფილი სახე. მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანია ის, რომ მაქსიმალურად მოხდეს დისტანცირება და დამოკიდებულების შემცირება იმ პირების მიმართ, რომლებსაც აზარტული თამაშები დიდ ზიანს აყენებს. შესაბამისად, ნებისმიერ ინიციატივაზე, რომელიც ამ მიმართულებით იქნება მოწოდებული, ჩვენ მიერ შესაბამისი პროცედურები განხორციელდება, მოხდება მათი დამუშავება, შესწავლა და შესაბამისად, ასახული იქნება კანონპროექტში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, აზარტული თამაშებისთვის, სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციები უცხო არ არის.

„არსებობენ ქვეყნები, სადაც შედარებით ნაკლები რეგულაციებია და არსებობენ ქვეყნები, სადაც ძალიან მკაცრი რეგულაციებია, თუმცა ის, რომ დარგი და სექტორი რეგულირებული უნდა იყოს, ამას, ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები