კვირიკაშვილის განმარტებით, 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო გაერო-ს შეუერთდა, ქვეყანა წარმატებით გარდაიქმნა გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან

კვირიკაშვილის განმარტებით, 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო გაერო-ს შეუერთდა, ქვეყანა წარმატებით გარდაიქმნა გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან

ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო გაერო-ს შეუერთდა, ქვეყანა წარმატებით გარდაიქმნა გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად.

“ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული.

ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებია და ამით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ესენია მდგრადი განვითარების არსებითი ელემენტები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

წელს აღინიშნება გაერო-ში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ.

ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ – ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა.

ეროვნულ სტრატეგიებად მათი გარდაქმნის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას იკვეთება თავად გაერო-ს ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა და გენერალური მდივნის, გუტიერეშის ახალი ხედვის მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილ დეკლარაციაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მისი გამოსვლა ამერიკელი ხალხისადმი თანადგომის გამოცხადებით დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.

“პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს – ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებს და ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები