კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს შესახებ მეორე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაა განხილული.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურისთვის გაცემული სამი რეკომენდაციიდან, ორი შესრულებულად, ხოლო ერთი ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა.

GRECO-მ შესრულებულად მიიჩნია ორი რეკომენდაცია, რომლებიც პროკურორების დანიშვნა-დაწინაურების წესების გაუმჯობესებას, პროკურორთა ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციისთვის განხორციელებულ პრაქტიკულ ღონისძიებებსა და დისციპლინურ საკითხებზე კომენტარების გამოცემას ეხება, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია მესამე რეკომენდაცია, რომელიც დისციპლინური გადაცდომების სიცხადისა და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფას შეეხება.

აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ GRECO-ს პირველი, 2019 წლის მარტში დამტკიცებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურამ GRECO-ს მიერ გაცემული ორი რეკომენდაცია, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას და საქმეთა განაწილების წესის გაუმჯობესებას ეხებოდა, ასევე წარმატებით შეასრულა.

საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობას და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები