კოპენჰაგენში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

კოპენჰაგენში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

კოპენჰაგენში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო დანიური მხრიდან – დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იენს კისლინგი.
კონსულტაციების დასაწყისში, ქართულ დელეგაციას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა ულრიკ ვესტეგაარდ კნუდსენმა უმასპინძლა. შეხვედრისას, საუბარი ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
პოლიტიკურმა კონსულტაციებმა თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი მოიცვა. განხილულ იქნა საქართველო-დანიის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. ამიტომ მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში მზარდი დინამიზმით გამოირჩევა ქართულ-დანიური თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვის, განვითარებისა და სხვა სფეროებში, რასაც მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი. ამავე დროს, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მათ მიუთითეს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე.
კონსულტაციების ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს ამ კუთხით გაწეული აქტიური მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკას, კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ორმხრივ კონსულტაციებზე, ყურადღება დაეთმო, ასევე,  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-დანიას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს.
ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილმა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.  თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან და უვიზო რეჟიმიდან მიღებულ სარგებელზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით. ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა მოახლოებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე და საქართველოს პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების, დანიის სამეფოში ევროკომისიის წარმომადგენლობის და  ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას დანიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები