კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მივესალმებით-იან კელი

კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მივესალმებით-იან კელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების მომზადების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა. კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მმართველი გუნდის მიერ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მიესალმება.

საუბარი, ასევე, საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევა. ესენია საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის არჩევნებისთვის დაშვება, ”ბონუსების” სისტემის გაუქმება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები არჩევნებთან დაკავშირებით.

13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო. კონსტიტუციის პროექტს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ოქტომბერს მოაწერა.

ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები