კონსტანტინე გამსახურდია გიორგი რურუაზე: – „რურუას პოლიტიკაში მოსვლა ეს იგივეა, ფეხებზე 50-60 კილოიანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება“

კონსტანტინე გამსახურდია გიორგი რურუაზე: – „რურუას პოლიტიკაში მოსვლა ეს იგივეა, ფეხებზე 50-60 კილოიანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება“

„როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, იგივეა, ფეხებზე 50-60 კილოიანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება. რურუა პოლიტიკის ფაქტორი გახადეს, მაგრამ ეს ყოველივე მაინც სიმძიმედ და სირცხილად ქცეული უახლესი ისტორიისკენ გვეზიდება“,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს და კახა მიქაიას პასუხობს.

კონსტანტინე გამსახურდიას ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„კახა მიქაია: ბატონო კონსტანტინე, მინდა, მოგმართოთ შეკითხვით და გთხოვოთ თქვენი აზრის დაფიქსირება.როგორც მოგეხსენებათ, დღეს, ოპოზიციური პარტიებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ, გიორგი რურუა გამოცხადებულია პოლიტპატიმრად!
გთხოვთ, მიპასუხოთ!
გიორგი რურუა, როგორც ჯაბა იოსელიანთან დაკავშირებული პირი და ერთგული თანამებრძოლი, მონაწილეობდა თითქმის ყველა ,,სპეცოპერაციაში,” რომელიც განახორციელა ,,მხედრიონმა!”
შეიძლება ასეთი წარსულის მქონე ადამიანი პოლიტიკის ფაქტორი იყოს?! (შეკითხვა იხ. უოლზე ქვემოთ)
***
ბატონებს, კახა და ლაშა მიქაიებს დიდ პატივს ვცემ, ისინი სამეგრელოს “ვანდეას” მონაწილეები იყვნენ, მათ თავზე გადაიარა საქართველოს დაცემის, პატივაყრის უმძიმესმა დღეებმა და იმავდროულად ბრძოლამ, სადაც უმთავრესი საკუთარი არჩევნისადმი ბოლომდე ერთგულების დემონსტრაცია იყო. ჩვენ პუტჩის, უცხო ქვეყნის სამხედრო ძალის ჩართვით სამოქალაქო ომში ჩაგვითრიეს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ჩავყევით.

გიპასუხებთ ბატონო კახა, საქართველოს პარლამენტმა ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობისას 1991-1992 წლების მიჯნაზე დატრიალებული მოვლენები ცნო სახელმწიფო გადატრიალებად. (ჩვენთვის ცხადია, ეს იმთავითვე ასე იყო) ეს იმას ნიშნავს, რომ არის მხარე, რომელმაც დაამხო სახელმწიფო და პასუხისმგებელი პირველ რიგში ოფიციალურადაც ის მხარე არის. მე ვუსმინე გიორგი რურუას გამოსვლას ტელევიზიით იაგო ხვიჩიასთან და იქ არ ჩანდა რაიმე დანანება ამ ფაქტის გამო. დიალოგისას ლამის ყველაფერი ზვიადს დაბრალდა. რურუა თვლიდა და ალბათ დღესაც თვლის, რომ ისტორიის სწორ და ნათელ მხარეზე იდგა.

დღეს ჩვენ მართალია ერთმანეთს აღარ ვესვრით, რაც თავისთავად პროგრესია, თუმცა ნამდვილი შერიგება ჩვენს ქვეყანაში მაინც არ მომხდარა. იმიტომ, რომ შერიგება მხოლოდ ისტორიული სიმართლის საფუძველზეა შესაძლებელი. სამართალი კი იგვიანებს.

როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ეს იგივეა, რომ ფეხებზე 50-60 კილოიანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება. დიახ, რურუა პოლიტიკის ფაქტორი გახადეს, მაგრამ ეს ყოველივე მაინც სიმძიმედ და სირცხილად ქცეული უახლესი ისტორიისკენ გვეზიდება.“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები