კომპანია C.T. პარკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს

კომპანია C.T. პარკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს

 

კომპანია C.T. პარკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახლადარჩეულ მერს გამოწერილი ჯარიმების გამამართლებელ განაჩენებზე არასწორი ინფორმაცია აქვს. ისინი ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ კალაძეს შეხვდნენ და ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ.

“კომპანია “სითი პარკი” მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია კომპანიასა და თბილისის მერიას შორის. მერის მიერ გაცხადებული ციფრები 99% არ შეესაბამება რეალურ სტატისტიკას და ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს. რეალურად, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2 % ხდება სადავო და ეს დავაც სრულდება უმეტესად “სითი პარკის” გამარჯვებით. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ამომწურავი და ზუსტი სურათი მიაწოდონ თბილისის მერს. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით”,- განაცხადა “სითი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.

მანამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა “სითი პარკის” წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

მისივე თქმით, ის მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას გეგმავს. ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან უწყებას იბარებს და წინასწარ უნდა იცოდეს, რა ვითარება ხვდება მერიაში,- ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები