კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა” განიხილეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა” განიხილეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა” განიხილეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა. მან ყურადღება ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.6 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი იანვარში 4.4 პროცენტი, ხოლო თებერვალში 5.5 პროცენტი დაფიქსირდა. ინფლაციის  წლიურმა მაჩვენებელმა 2018 წლის მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აქტიურად მოქმედებს საგარეო სექტორი. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 823.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 740.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი).

დადებითი კუთხით, მნიშვნელოვნი ცვლილებებია ტურიზმში. 2018 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 464 ათასი ვიზიტორი ეწვია (2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 1 266 ათასს შეადგენდა), რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 15.6 პროცენტით აღემატება. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.8 პროცენტით (125.5 მლნ აშშ დოლარით მეტი) აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

შემოსულობებზე საუბრისას, მომხსენებლის განცხადებით, 2018 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2 427 049.7 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 635 060.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 108.6%.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 9 720 893.2 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 230 908.3 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 22.9%-ია. გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 2 093 765.6 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 93.9%-ია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვარტალური ბიუჯეტის შესრულება სხვადასხვაა სამინისტროების მიხედვით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით, შესრულებამ 83,1% შეადგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. მისი განცხადებით, კვარტალური ბიუჯეტის შესრულებაზე გარკვეული გავლენა პირველ კვარტალში მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა მოახდინა. მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით, რომელიც ეხება ტყის დაცვას, ხე-ტყის საკითხს და სხვა, პარლამენტს გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართონ. მან იმედი გამოთქვა, რომ ექვსი თვის შემდეგ, ბიუჯეტის შესრულების კუთხით, სულ სხვა ვითარება იქნება.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ, ცნობად მიიღო.

საკითხი –  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)” შეთანხმება  – განსახილველად კვლავ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)” შეთანხმება გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით 230 მლნ ევროს ოდენობით სესხის და 22,7 მლნ ევროს ოდენობით ფინანსების  (გრანტის) გამოყოფას ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: „ენერგოსექტორის ღია პროგრამა”, კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის, პროფესიული განათლება I, წყალმომარაგება სოფლად აჭარაში, კლიმატისათვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, ნარჩენების კლიმატისათვის უსაფრთხო მართვა III, ენერგოეფექტურობის ამაღლება და სხვა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ზემოაღნიშნული ჩარჩო შეთანხმებას წარმოადგენს და თითოეული კომპონენტის კუთხით, კონკრეტულ პროექტზე ასევე  გაფორმდება  ცალკეული ხელშეკრულება, რომლებიც რატიფიკაციისთვის კვლავ პარლამენტს წარედგინება.

კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები კომიტეტს განსახილველად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა წარუდგინა და კანონმდებლებს ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეს საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტმა პირველი მოსმენით – პრინციპების დონეზე განიხილა.

კანონპროექტი, შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმას ითვალისწინებს. მისი თქმით, 2017 წლის დეკემბერში, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ვალდებულება იყო აღებული, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეგულირებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადებულიყო. კომიტეტს განსახილველად სწორედ ეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნის შემდეგ, აუცილებელი გახდა ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონის – „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის შემუშავება. კანონპროექტმა ქმედითი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს.

ამგვარად, კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტით უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი – პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას.

შალვა ხუციშვილმა ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს. კომიტეტის წევრთა განცხადებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა, მით უმეტეს  შარშან, საქართველოს ტყეებში განვითარებულ მოვლენებისა და სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო საქმიანობის    გათვალისწინებით.

კახა კუჭავას ინფორმაციით, სტიქიურ მოვლენებსა და უბედურებებთან დაკავშირებით კომიტეტში შექმნიან სამუშაო ჯგუფს და მნიშვნელოვანი იქნება  მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობაც. კომიტეტი ასევე სულ მალე გამართავს სატყეო სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსმენას წინა წელს განვითარებულ ხანძრებთან დაკავშირებით და სატყეო მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები