კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ

კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ

კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ, – ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს ყველა რეგიონში, ინციდენტობის მაჩვენებელი მომატებულია. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ უკვე აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, კოვიდსტატისტიკაცშეაფასა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 ადამიანი და ეს მაჩვენებელი 1,3%-ზე ნარჩუნდება. ამ ფონზე დაიკლო გამოჯანმრთელების მაჩვენებელმა. გვქონდა 97%, ახლა 95%-ია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი და მონიტორინგი იყოს, რადგან არ გვინდა რომ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი და ისევ მოხდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების გატარება, მაგრამ მეორე მხრივ პინაზე ადამიანების ჯანმრთელობაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან გამყრელიძემ განმარტა, რომ თუ მომავალი კვირების განმავლობაში ეპიდსიტუაციის შეკავება ვერ მოხერხდა, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვებზე მსჯელობა მოუწევს. „ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ გამოსავალია შემდეგი ღონისძიებების დაცვა: პირბადის უნივერსალური ტარება, ესაა პირველი იარაღი, დისტანციის დაცვა ყველგან, ჰიგიენური წესები და დიდი ღონისძიებების აკრძალვა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა.

12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 2.46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.58 %.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები