ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ კალანდია დაიკითხებ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ კალანდია დაიკითხება. გარდა ამისა, ბრალდების მხარე პროცესზე კიდევ რამდენიმე მოწმის დაკითხვას გეგმავს, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. როგორც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე მზადაა ნებისმიერი მოწმე დაკითხოს და ასევე ნებისმიერი მტკიცებულება გამოიკვლიოს.
“დაცვის მხარისთვის უცნობია რამდენი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი ბრალდების მხარეს და ასევე უცნობია ამ მოწმეთა ვინაობები. სასამართლოში დავასრულეთ უკვე ისეთი მოწმეების დაკითხვა, ვინც ფაქტის თვითმხილველები არიან და რომლებიც არიან უშუალოდ ჩხუბის შემსწრე პირები. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოწმეთა ჩვენებები არ იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმისთვის, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. ჩვენ მზად ვართ დავკითხოთ ნებისმიერი მოწმე, წარმოვადგინოთ სხვა მოწმეები, გამოვიკვლიოთ ნებისმიერი მტკიცებულება და მე დარწმუნებული ვარ დაცვის მხარე წარმატებით შეძლებს საკუთარი პოზიციის დამტკიცებას”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
მსგავსი სიახლეები

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოვლინდა
