ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე სხდომაზე ახალ მტკიცებულებას წარადგენს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე სხდომაზე ახალ მტკიცებულებას წარადგენს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე სხდომაზე ახალ მტკიცებულებას წარადგენს. ეს არის ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

ადვოკატი ამბობს, რომ დასკვნა განსხვავებულია იმ ექსპერტიზისგან, რაც პროკურატურამ წარმოადგინა.

“დღევანდელ სხდომაზე ვითხოვთ, რომ მტკიცებულებად დაერთოს საქმეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნა ახლახანს მოვიპოვეთ და აქამდე არ იყო შესაძლებელი მტკიცებულების წარდგენა. სამომავლოდ უფრო ვისაუბრებ შინაარსზე. აუცილებელია ყველა იმ ექსპერტის დაკითხვა, ვინც მონაწილეობდა ამ ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა შინაარსობრივად განსხვავდება იმისგან, რაც წარმოადგინა სახელმწიფო ბრალდებამ”, -აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

დღევანდელ პროცესზე ორი სრულწლოვანი მოწმე დაიკითხება. ბრალდების მხარე არ აკონკრეტებს, ვის მოუსმენს სასამართლო, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ მოწმეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ.

“ბრალდების მხარემ მხოლოდ ორი მოწმე წარმოადგინა, იმის გათვალისწინებით, რა დროც იყო გამოყოფილი სხდომისთვის. მოხდება ხსენებული პირების დაკითხვა და ისინი მიაწვდიან საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას სასამართლოს. შინაარსზე ვერ მოგახსენებთ. ისინი სრულწლოვანი მოწმეები არიან, დანარჩენს ვერ დავაკონკრეტებ”, -განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრალდებულთა ოჯახებს შეკითხვები აქვთ. კეთდება განცხადებები, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან. სწორედ მათ გამოაშკარავებას და დასჯას ითხოვს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის დედა, რომელმაც “ქრონიკასთან” ორთვიანი დუმილი დაარღვია.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები