ხათუნა ლაგაზიძე: ზუგდიდში გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში

ხათუნა ლაგაზიძე: ზუგდიდში გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე 19 მაისს საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში სრულიად ოპოზიციის მარცხზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იყო ამომრჩევლის საყოველთაო პროტესტი ოპოზიციას.
მისი თქმით, ოპოზიცია მთაწმინდაზე მეორე ტურშიც არ და ვერ ახერხებს გაერთიანებას.
„ოპოზიციამ უნდა დაასრულოს გადაბრალების პოლიტიკა და მარცხი გააანალიზოს. რეალობა ასეთია:
1. კვირის არჩევნები არა მარტო “ნაცების” და შეიძლება არა იმდენად “ნაცების”, არამედ სრულიად ოპოზიციის მარცხი იყო, რადგან, მთაწმინდის გარდა, ვერცერთ საარჩევნო ოლქში ამდენმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად ვერ შეძლო ისეთი რაოდენობის ოპოზიციური ამომრჩევლის უბნებზე გამოყვანა, რომ ხელისუფლება მეორე ტურში გადაეყვანა. ეს იყო ამომრჩევლის საყოველთაო პროტესტი ოპოზიციას;
2. ოპოზიცია მთაწმინდაზე მეორე ტურშიც არ და ვერ ახერხებს გაერთიანებას, რაც იმის ნიშანია, რომ 2020-შიც ოპოზიცია არჩევნებზე დაქსაქსული გავა და მაჟორიტარულ ოლქებშიც ბევრი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი, რაც ხელისუფლებისთვის მირთმეული საჩუქარია. ასევე, აჩენს იმის განცდას, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში მოსახვედრად უმოკლეს გზად ხელისუფლებასთან გარიგება მიაჩნია, თუმცა ბევრისთვის ფუჭი აღმოჩნდება ეს ილუზია;
3. დღემდე სრულიად ოპოზიცია ვერ ახერხებს ორი თვის წინ დაანონსებული პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის აქციის დაორგანიზებას, რომელიც, რეალურად, შეიძლებოდა, ოპოზიციისთვის საერთო სახალხო კარდაკარი გამხდარიყო და გამარჯვებაც მოეტანა. ფაქტია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვერ ახერხებს საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებას, მეორე კი ხელისუფლებასთან გარიგებას არჩევს. ჯერჯერობით, არც ახალი და კარგად ორგანიზებული პოზიტიური ძალები ჩანან, არადა ამომრჩევლის 50% მათ მოლოდინშია. სიმპტომი კიდევ ბევრია.
ამ დროს: 1. კვირის არჩევნებით ხელისუფლებამ მოიპოვა შეუდარებელი ფსიქოლოგიური უპირატესობა, ისეთი როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც კი არ ჰქონია;
2. ზუგდიდში, სადაც რეალურად გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში;
3. ვისაც „ენდიაის“ კვლევების სჯერა, მათთვის სწორედ „ოცნებას“ ჰყავს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე რეიტინგული ფიგურა – კახი კალაძე;
4. აღარაფერს ვამბობ „ოცნების“ შეუზღუდავ ადმინისტრაციულ და ფულად რესურსებზე.
ჰოდა, ამ სიტუაციაში საინტერესოა, თუ შერჩა ოპოზიციას უნარი, გადაიზარდოს, რაც სჭირს, რატომ სჭირს თუ შეეგუება „ოცნების“ მესამე ვადით დარჩენას ხელისუფლებაში?!“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები